ფეხბურთი

2:10 | 21.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გოლი და პსჟ-ს მარცხი "სპორტინგთან"

ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ ლისაბონის „სპორტინგთან“ გასვლაზე დამარცხდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, სადაც ანგარიში 74-ე წუთზე 0:0 იყო. ძირითად შემადგენლობაში არც კვარაცხელია იყო და არც გიორგი ქოჩორაშვილი, თუმცა, შეცვლაზე ორივემ ითამაშა.

ანგარიში 74-ე წუთზე „სპორტინგის“ ფორვარდმა ლუის სუარესმა გახსნა. ამის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდი გააქტიურდა და ხუთ წუთში კვარაცხელიამ წონასწორობა აღადგინა. ქართველმა მეტოქის კარი შორეულ ცხრიანში შესანიშნავი დარტყმით დალაშქრა.

პარიზელებმა მოგება სცადეს, მაგრამ 91-ე წუთზე კიდევ გაუშვეს, ისევ, ლუის სუარესისგან, რომელმაც დუბლი შეასრულა და „სპორტინგმა“ 2:1 მოიგო. გიორგი ქოჩორაშვილი თამაშში 95-ე წუთზე ჩაერთო, რეალურად, რამდენიმე წამი გაატარა მინდორზე, მალევე მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა. ქოჩორაშვილისთვის ეს მეორე მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი, ხუთჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე მისი მონაგარი ასეთია: 6 მატჩი, 3 გოლი და 2 საგოლე პასი. აქვე ვთქვათ, რომ კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში მერვე გოლი გაიტანა.

პსჟ-სა და „სპორტინგს“ 13-13 ქულა აქვთ და მეხუთე-მეექვსე ადგილს იყოფენ. ბოლო ტურში ფრანგული გუნდი „ნიუკასლს“ უმასპინძლებს, ხოლო „სპორტინგი“ „ბილბაოს“ ესტუმრება.

„სპორტინგი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 სუარესი (74), 1:1 კვარაცხელია (79), 2:1 სუარესი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084285