ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში „ვილიარეალმა“ ამსტერდამის „აიაქსს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა.
მარსელინოს გუნდი ლა ლიგაში შესანიშნავია, მესამე ადგილს იკავებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კატასტროფულად თამაშობს, შვიდ ტურში ექვსჯერ დამარცხდა.
„ვილიარეალი“ 49-ე წუთზე ტანი ოლუვასეის გოლით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მალევე ოსკარ გლუხმა გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე ოლივერ ედვარდსენმა ესპანელთა კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძე თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე მხოლოდ 72-ე წუთზე შევიდა, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.
ყველა ტურნირზე გიორგი მიქაუტაძის მონაგარი ასეთია - 23 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე პასი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ექვს შეხვედრაში ერთი გოლით გამოირჩა.
„ვილიარეალი“ ერთადერთი ქულით ბოლოსწინა, 35-ე ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ცხადია, დაკარგული აქვს, ბოლო ტურში კი „ლევერკუზენს“ ესტუმრება. „აიაქსმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო, 6 ქულა დააგროვა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.







