ფეხბურთი

2:33 | 21.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" შოუ, უდანაკარგო "არსენალი" და "ნაპოლი" რთულ მდგომარეობაში

ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურის პირველი სათამაშო დღე საინტერესო გამოდგა. ლონდონის „არსენალმა“ მერვედფინალის საგზურის გარდა, პირველი ადგილიც გაინაღდა.

მიკელ არტეტას გუნდმა მილანში, „ინტერს“ უშანსოდ მოუგო. პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა გაბრიელ ჟეზუშმა, რასაც მასპინძლებმა შუჩიჩის ერთი გოლით უპასუხეს. მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში ვიქტორ გიოკერეშმა დააფიქსირა - 1:3.

„არსენალი“ უდანაკარგოდ, 21 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში „კაირატს“ უმასპინძლებს, ხოლო „ინტერი“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა და 12 ქულით მეცხრე ადგილზეა, ბოლო ტურში „დორტმუნდს“ ეწვევა. აღსანიშნავია, რომ „ინტერმა“ თავიდან 4 მატჩი მოიგო, მაგრამ ძალიან ადვილი კალენდარი ჰქონდა, როგორც კი უფრო მაღალი დონის მეტოქეებთან თამაში მოუწია, სამჯერ დამარცხდა.

ალვარო არბელოას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი გამოდგა. „რეალმა“ კრიზისში მყოფი „მონაკო“ 6:1 გაანადგურა. დუბლი შეასრულა კილიან მბაპემ, გაიტანა და საგოლე პასებიც გააკეთა ვინისიუსმა, თავი გამოიჩინა ფრანკო მასტანტუონომ და ჯუდ ბელინგემმაც. მოკლედ, „რეალისთვის“ ლამაზი საღამო იყო. მადრიდული გრანდი 15 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ბენფიკას“ ესტუმრება. „მონაკო“ 9 ქულით მეოცეა და ბოლო ტურში „იუვენტუსთან“ სტუმრად ითამაშებს.

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ მძიმე დღეშია. ანტონიო კონტეს გუნდს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს და ეს დაეტყო კიდეც. „ნაპოლიმ“ სტუმრად 10-კაციან „კოპენჰაგენს“ ვერ მოუგო. პირველივე ტაიმში დანიელებს დელანი გაუძევეს, მალევე, სკოტ მაკტომინეიმ ანგარიში გახსნა, რასაც მეორე ტაიმში ჯორდან ლარსონმა უპასუხა. „ნაპოლი“ 8 ქულით 23-ე ადგილზეა, ტურის დასრულების შემდეგ ალბათ 24 გუნდს შორის აღარ იქნება და ბოლო ტურში „ჩელსის“ შინ ეთამაშება, რომელთანაც აუცილებლად გამარჯვება დასჭირდება. „კოპენჰაგენი“ 8 ქულით 24-ე საფეხურზეა და ბოლო ტურში „ბარსელონას“ ესტუმრება.

მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო „ოლიმპიაკოსმა“ კოშტინიას და მეჰდი ტარემის გოლებით 2:0 საკუთარ მოედანზე „ლევერკუზენთან“. ბერძნულმა გუნდმაც შეინარჩუნა შანსი, 8 ქულა დააგროვა და ბოლოს „აიაქსს“ ეწვევა. „ლევერკუზენი“ 9 ქულით მე-18 ადგილზეა და „ვილიარეალს“ უმასპინძლებს.

ლონდონის „ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში კატასტროფულად თამაშობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე - პირიქით. ტომას ფრანკის გუნდმა საკუთარ მოედანზე „დორტმუნდს“ მშვიდად, კრისტიან რომეროსა და დომინიკ სოლანკეს მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლებით 2:0 სძლია. „ტოტენჰემი“ 14 ქულით მეოთხე ადგილზეა და ბოლო ტურში „აინტრახტს“ სტუმრად შეხვდება, ხოლო „დორტმუნდი“ 11 ქულით მე-12 ადგილზეა და ბოლო ტურში „ინტერს“ უმასპინძლებს.

„კოპენჰაგენი“ – „ნაპოლი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მაკტომინეი (39), 1:1 ლარსონი (72)

„ინტერი“ – „არსენალი“ 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუში (10), 1:1 შუჩიჩი (18), 1:2 გაბრიელ ჟეზუში (31), 1:3 გიოკერეში (84)

„ოლიმპიაკოსი“ – „ლევერკუზენი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 კოშტინია (2), 2:0 ტარემი (45)

„რეალი“ – „მონაკო“ 6:1 (2:0)

გოლები: 1:0 მბაპე (5), 2:0 მბაპე (26), 3:0 მასტანტუონო (51), 4:0 კერერი (55, ა.გ), 5:0 ვინისიუსი (63), 5:1 ტეზე (72), 6:1 ბელინგემი (80)

„ტოტენჰემი“ – „დორტმუნდი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 რომერო (14), 2:0 სოლანკე (37)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100063