ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ ლისაბონის „სპორტინგთან“ გასვლაზე 1:2 დამარცხდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 66-ე წუთზე მაილუს ნაცვლად შევიდა. კვარაცხელიამ "სპორტინგის" კარი 79-ე წუთზე დალაშქრა.(იხილეთ კვარაცხელიას გოლი ლინკზე)
შეხვედრის დასრულების შემდეგ კვარაცხელიას თამაშს ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი გამოეხმაურა.
"კვარაცხელიას აშკარად ეტყობოდა, რომ შურისძიება სურდა, რადგან დაემტკიცებინა მთავარი მწვრთნელისთვის, რომ ძირითადში ყოფნას იმსახურებდა. ქართველი მოედანზე ცვლილებიდან შემოვიდა და აშკარად დაამტკიცა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია.
მაშინ, როდესაც პსჟ მდევრის როლში იყო, ქართველმა ფეხბურთელმა დემბელეს პასის შემდეგ ულამაზესი დარტყმით შეძლო გათანაბრება, მან მეტოქე ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და მარჯვენა ფეხით მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში ჩინებულად დაარტყა", - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი, ხუთჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე მისი მონაგარი ასეთია: 6 მატჩი, 3 გოლი და 2 საგოლე პასი. აქვე ვთქვათ, რომ კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში მერვე გოლი გაიტანა. პსჟ-სა და „სპორტინგს“ 13-13 ქულა აქვთ და მეხუთე-მეექვსე ადგილს იყოფენ. ბოლო ტურში ფრანგული გუნდი „ნიუკასლს“ უმასპინძლებს, ხოლო „სპორტინგი“ „ბილბაოს“ ესტუმრება.







