ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში მადრიდის "რეალმა" საკუთარ მოედანზე "მონაკოს" უმასპინძლა და მეტოქე 6:1 გაანადგურა. ამრიგად ალვარო არბელოასთვის ლიგაზე დებიუტი შთამბეჭდავი გამოვიდა.
მადრიდელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კილიან მბაპემ, გაიტანა და საგოლე პასებიც გააკეთა ვინისიუსმა, თავი გამოიჩინა ფრანკო მასტანტუონომ და ჯუდ ბელინგემმაც. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა დაისაკუთრა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ კომენტარიც გააკეთა.
"ბოლო დღეები, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი თანაგუნდელებისთვის მძიმე იყო, რადგან არნახული კრიტიკა დაგვატყდა თავს. ვფიქრობ, ამ მატჩით ყველას გავეცით პასუხი და მომდევნო შეხვედრები კიდევ უფრო ეფექტური იქნება. სწორ გზას ვადგავართ და მუშაობას არ ვწყვეტთ. მსურს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყო და წარმატებაში წვლილი შევიტანო", - განაცხადა ვინისიუსმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდული გრანდი 15 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ბენფიკას“ ესტუმრება. „მონაკო“ 9 ქულით მეოცეა და ბოლო ტურში „იუვენტუსთან“ სტუმრად ითამაშებს.







