სხვა

19:57 | 21.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველომ თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილის შანსი აქვს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 16 გუნდი თამაშობს, მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს, რადგან მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გამარჯვება მოიპოვა.

ათანასიოს კაჩაგიასის გუნდის მეტოქე ბოლო ტურში თურქეთი იყო, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში 14:11 გაიმარჯვა. მატჩი თურქეთმა კარგად დაიწყო, პირველი პერიოდის შემდეგ 3:1 დაწინაურდა, რასაც საქართველომ მეორე პერიოდში უპასუხა (5:3) და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მესამე პერიოდი დაძაბული იყო, თურქების მცირე უპირატესობით (3:2), შედეგად, ბოლო პერიოდის წინ მეტოქე იგებდა.

თუმცა, საქართველოს ნაკრებმა თამაშის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი უნაკლოდ ჩაატარა და ბოლო პერიოდის საწყის წუთებში 4:0 გაიქცა, შედეგად, 12:9 დაწინაურდა და ფაქტი გახდა, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ასეც მოხდა, საბოლოოდ - 14:11.

საქართველოს ნაკრების რიგებში 4 გოლით დუშან ვასიჩი გამოირჩა, 3 გოლით ვალიკო დადვანი, ორი გოლით საბა ტყეშელაშვილი, ხოლო დანარჩენებმა მეტოქის კარის ბადე თითოჯერ შეარხიეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მეორე ეტაპზე ექვსგუნდიან ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფის მეხუთეადგილოსან საფრანგეთს 22 იანვარს, თბილისის დროით 18:15 საათზე შეხვდება. ამ მატჩში მოგებული ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილს დაიკავებს, ხოლო წაგებული - მეათეს.

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო - სლოვენიასა (22:11) და თურქეთთან (14:11), ხოლო ოთხჯერ დამარცხდა - საბერძნეთთან (6:20), ხორვატიასთან (7:18), იტალიასა (14:16) და რუმინეთთან (10:15).

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშა, ეს კი, მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატია. საუკეთესო შედეგი 2022 წელს მერვე ადგილი იყო.

თურქეთი - საქართველო 11:14 (3:1, 3:5, 3:2, 2:6)

საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (2 გოლი), დადვანი (3), ბითაძე, ვასიჩი (4), ადეიშვილი (1), სარიჩი, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, ტანკოშიჩი (1), პიეშივაჩი, გვეტაძე, ვლაჰოვიჩი (1), ჩიქოვანი (1)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08894