საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი მასპინძელ ლატვიასთან დიდი ანგარიშით 0:4 წააგო.
ეს მოულოდნელი ანგარიშია, საქართველო ტურნირის დებიუტანტ ლატვიასთან მოგებას გეგმავდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ეს პირველ რიგში მომენტების რეალიზაციის პრობლემას უნდა დააბრალოს.
სხვაგვარად ვერ აიხსნება, რომ საქართველომ კარისკენ 44-ჯერ დაარტყა, კარში 19-ჯერ და გოლი ვერ გაიტანა. ლატვიის ნაკრების მეკარემ საოცარი მატჩი ჩაატარა.
სამაგიეროდ, მასპინძლებმა თავისი შანსები გამოიყენეს. მესამე წუთზე ანგარიში გერმანს მატიუშენკომ გახსნა. საქართველოს პირველ ტაიმში ბევრჯერ შეეძლო გათანაბრება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
მეორე ტაიმიც ავთანდილ ასათიანის გუნდმა აქტიურად დაიწყო და მალევე, გიორგი ღავთაძეს ორი მაგარი შანსი ჰქონდა, მაგრამ ჯერ ძელმა და მერე მეკარემ ხელი შეუშალეს. ამას ლატვიელთა გოლი მოჰყვა - ედგარს ტარაკანოვსიმ ჯარიმა გაიტანა. ასათიანის გუნდმა სცადა სხვაობის შემცირება, ორი მაგარი მომენტი გაანიავა და შემდეგ ისევ ლატვიამ გაიტანა, ისევ ტარაკანოვსიმ, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
მატჩის დარჩენილი ნაწილი ფორმალობად. იქცა. საქართველომ კიდევ ბევრი მომენტი გაანიავა, ხოლო ბოლო წუთზე ლატვიელმა ანდრეის ბაკლანოვსმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 4:0 ლატვიის სასარგებლოდ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა. ლატვიას 3 ქულა აქვს, საფრანგეთსა და ხორვატიას - თითო. მეორე ტურში, 25 იანვარს, საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება.
ლატვია - საქართველო 4:0 (1:0)
საქართველო: ბუკია - თოდუა, ჩიმაკაძე, ღავთაძე, კეკელია, ტყეშელაშვილი, თოფურია, ჭუმბურიძე, გაბრიჩიძე, გიორგაია, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, კვარაცხელია, ასლანი
გოლები: 1:0 მატიუშენკო (3), 2:0 ტარაკანოვსკი (25), 3:0 ტარაკანოვსკი (27), 4:0 ბაკლანოვსი (40)





