საქართველოს ნაკრების ხელბუთელმა გიორგი ცხოვრებაძემ ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ნიდერლანდებთან მატჩის (26:31) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა:
„საწყისი წუთები ნამდვილად თანაბრად ვთამაშობდით, შემდეგ იყო მომენტი, როცა მათ თამაშში უპირტესობა მოიპოვეს, სამწუხაროა. აქ მოსაგებად ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩი იყო და მანამდე ორი თამაში წაგებული გვქონდა. ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ დღეს ისინი უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს“, - თქვა ცხოვრებაძემ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სამ შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2026-ზე სამივე მატჩი წააგო - ხორვატიასთან 29:32, შვედეთთან 29:38 და ნიდერლანდებთან 26:31, შედეგად, უქულოდ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ტიტე კალანდაძის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველი რაუნდიდან დაიწყებს, სადაც ორმატჩიან პლეი-ოფში ისრაელს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ (ზედიზედ) ითამაშა, ორი წლის წინ ტიტე კალანდაძის გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, როდესაც ნიდერლანდებსა და შვედეთთან დამარცხდა, ხოლო ბოსნიასთან გაიმარჯვა.







