ფეხბურთი

3:00 | 22.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ასათიანი: "იმდენი მომენტი გვქონდა, სამ თამაშს ეყოფოდა, მაგრამ რეალიზაციის პრობლემაა"
"საქართველოს ბოდიშს ვუხდით ამ შედეგისთვის, ჩვენი ქვეყანა ამ ანგარიშს ნამდვილად არ იმსახურებდა"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელებმა, ირაკლი თოდუამ და ვახტანგ ჯვარაშვილმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ლატვიის ნაკრებთან 0:4 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

ავთანდილ ასათიანი: „დასანანი მარცხი იყო. ანგარიშიდან გამომდინარე, ჩემი გუნდი ასეთ წაგებას არ იმსახურებდა. სამ თამაშს ეყოფოდა, იმდენი საგოლე მომენტი გვქონდა, რეალიზაციაში მოვიკოჭლებთ, რა თქმა უნდა, ჩანს, რომ სამუშაო გვაქვს. საწყენია, რომ სტარტზე ასე წააგებ, არადა, ვქმნიდით მომენტებს, ბევრი ნამუშევარი გვქონდა, ლატვიის ნაკრები შესწავლილი გვყავდა, უბრალოდ, ფუტსალი ისეთი დინამური თამაშია, რომ შეიძლება ისეთი ანგარიშით წააგო, რომელსაც არ იმსახურებდი. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, ძალიან რთული ორი მატჩი გველოდება და უნდა ვეცადოთ, რომ შეცდომები გამოვასწოროთ, რომელიც დღეს დავუშვით“.

ირაკლი თოდუა: „მთელი გუნდის სახელით საქართველოს ბოდიშს ვუხდით ამ შედეგისთვის, ჩვენი ქვეყანა ამ ანგარიშს ნამდვილად არ იმსახურებდა. ვინც თამაშს უყურა, ნახა, რომ უამრავი მომენტი იყო, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. სამწუხარო რეალობა ესაა. მომდევნო მატჩებში ვეცდებით, რომ ჩვენი გატეხილი სახელი აღვიდგინოთ, რამაც აქამდე მოგვიყვანა და ის ერთიანობა დავიბრუნოთ, რაც მოედანზე აუცილებელია“.

ვახტანგ ჯვარაშვილი: „პირველ რიგში, მინდა, ჩვენს გულშემატკივარს, ოჯახებს და საქართველოს ამ ანგარიშის გამო ბოდიში მოვუხადო. ყველაფერი გავიღეთ, ვემზადებოდით, მაგრამ არის დღეები, როცა არ გვიმართლებს. ვინც ამ თამაშს უყურა, დამეთანხმება, რომ ბევრ დეტალში ძალიან არ გაგვიმართლა. ძალიან დამწუხრებულები ვართ, რადგან ყველას დადებითი შედეგი გვინდოდა. ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩში მივაღწიოთ“.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა. ლატვიას 3 ქულა აქვს, საფრანგეთსა და ხორვატიას - თითო. მეორე ტურში, 25 იანვარს, საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება.

0.092276