სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის 2025/2026 წლების რეგულარული სეზონის მორიგ ტურში კიდევ ერთი ძლიერი მატჩი ჩაატარა და „ტორონტო რეპტორსის“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. კანადურმა კლუბმა სტუმრად „საკრამენტო კინგსი“ 122:109 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე 32:20 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. მამუკელაშვილის ანგარიშზე 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა. ქართველმა მოთამაშემ რვიდან სამი სამქულიანი, ექვსიდან ხუთი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო.
სანდროს შედეგიანობა გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. „ტორონტოს“ შემადგენლობაში მასზე მეტი ქულა მხოლოდ სკოტი ბარნსმა და ბრენდონ ინგრემმა ჩააგდეს - ორივე მათგანმა შეხვედრა 23 ქულით დაასრულა. დანარჩენმა მოთამაშეებმა კი მეტწილად დამხმარე როლი შეასრულეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი კალათბურთელის მნიშვნელობას გუნდისთვის.
მატჩის განმავლობაში „ტორონტო რეპტორსმა“ უპირატესობა მესამე მეოთხედიდან მოიპოვა და შეხვედრის ბოლო მონაკვეთში გამარჯვება დამაჯერებლად შეინარჩუნა. პირველი ნახევრის შემდეგ ქართველის გუნდი 9-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდა, ხოლო მესამე პერიოდი 22-ქულით მოიგო, რაც გადამწყვეტი გამოდგა. მამუკელაშვილი განსაკუთრებით აქტიური იყო გადამწყვეტ წუთებში, სადაც როგორც ქულების მოპოვება, ისე პარტნიორების ჩართვა მოახერხა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ „ტორონტოს“ აქტივში 27 მოგება და 19 მარცხია, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს უზრუნველყოფს. გუნდი წარმატებით აგრძელებს ბრძოლას პლეი-ოფის მაღალ პოზიციებზე და სეზონის მეორე ნახევარს კარგი ფორმით ხვდება. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს, "პორტლენდის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.







