ვეტერანი ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო გერმანიაში დაბრუნდა და კარიერას „შალკეში“ გააგრძელებს.
მხარეებს შორის სეზონის ბოლომდე კონტრაქტი უკვე გაფორმდა და გარიგებაც ოფიციალურად დადასტურდა. ის „შალკეში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ჯეკო 2007-2011 წლებში „ვოლფსბურგში“ თამაშობდა და გუნდის გოლეადორიც იყო, 2009 წელს ბუნდესლიგაც მოიგო. მან „ფიორენტინას“ მაისურით მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
კარიერის განმავლობაში ჯეკოს ასევე უთამაშია „ჟელიეზნიჩარში“, „ტეპლიცეში“, „მანჩესტერ სიტიში“, „რომაში“, „ინტერსა“ და „ფენერბაჰჩეში“, ხოლო ბოსნიის ნაკრებში 146 მატჩში 72 გოლი გაიტანა.
„შალკე“ მეორე ბუნდესლიგას 18 ტურის შემდეგ 38 ქულით ლიდერობს და ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.





