ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა, რის შედეგადაც, საუკეთესო ბომბარდირი ქართველი ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძეა.
24 წლის ცხოვრებაძე პირველ ადგილს პორტუგალიელ ფრანსისკო კოშტასთან ერთად იყოფს - ორივემ ჯგუფის სამ-სამ შეხვედრაში 29-29 გოლი გაიტანეს. თუმცა საამისოდ, კოშტას უფრო ნაკლები დარტყმა დასჭირდა.
ცხოვრებაძემ 7 გოლი ხორვატიას გაუტანა, 11 შვედეთს და 11 - ნიდერლანდებს. მან ჩატარებულ სამ მატჩში ჯამში 47-ჯერ დაარტყა და 29 ზუსტი აღმოჩნდა (61.7%). კოშტამ 29 გოლის გასატანად 43 დარტყმა იკმარა (67.4%). ჯგუფური ეტაპის ბომბარდირების სამეულს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრი ფილიპ კუზმანოვსკი ასრულებს, რომელმაც თავი 28-ჯერ გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 84 გოლი გაიტანა, საიდანაც 29 ცხოვრებაძის აქტივშია, გიორგი დიხამინჯიამ 15 გოლი მიითვალა, ნიკოლოზ კალანდაძემ 12, ირაკლი კბილაშვილმა და ხაზეინ რუსტამოვმა 8-8, მირიან გავაშელიშვილმა 6, გიორგი ლაფიაშვილმა 5, ხოლო გიორგი არეშიძემ - 1.
გიორგი ცხოვრებაძე მეორე ტურში შვედეთთან მატჩის საუკეთესო ხელბურთელადაც დასახელდა. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი ასისტი ნიკოლოზ კალანდაძეს ჰქონდა - 11.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2026-ზე სამივე მატჩი წააგო - ხორვატიასთან 29:32, შვედეთთან 29:38 და ნიდერლანდებთან 26:31, შედეგად, უქულოდ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ტიტე კალანდაძის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველი რაუნდიდან დაიწყებს, სადაც ორმატჩიან პლეი-ოფში ისრაელს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ (ზედიზედ) ითამაშა, ორი წლის წინ ტიტე კალანდაძის გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, როდესაც ნიდერლანდებსა და შვედეთთან დამარცხდა, ხოლო ბოსნიასთან გაიმარჯვა.







