საქართველოს ნაკრებმა წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მარცხით დაასრულა და მეათე ადგილი დაიკავა.
ათანასიოს კეჩაგიასის გუნდის მეტოქე მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრები იყო. მეტოქემ გაცილებით უკეთ ითამაშა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. საფრანგეთმა 30 დარტყმიდან 16 გაიტანა, მაშინ, როდესაც საქართველოს 35 დარტყმიდან მხოლოდ 13 გამოდგა ზუსტი.
პირველი პერიოდი საფრანგეთის სასარგებლოდ დასრულდა (4:2), ისევე, როგორც მეორე პერიოდი (6:4). მესამე პერიოდში ფრე, 4:4 დაფიქსირდა და მხოლოდ მეოთხე პერიოდი იყო ის მონაკვეთი, როცა საქართველომ მეტოქეს აჯობა (3:2). საბოლოოდ, კეჩაგიასის გუნდი 13:16 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესოები საბა ტყეშელაშვილი და ნიკა შუშიაშვილი იყვნენ 3-3 გოლით, ორჯერ გამოიჩინა თავი გიორგი მაგრაქველიძემ, ხოლო თითოჯერ დაამწუხრეს მეტოქე რევაზ იმნაიშვილმა, სანდრო ადეიშვილმა, ველიკო ტანკოშიჩმა, ვალიკო დადვანმა და სტეფან პიეშივაჩმა.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე, სადაც 16 ნაკრები თამაშობდა, მე-10 ადგილი დაიკავა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო - სლოვენიასა (22:11) და თურქეთთან (14:11), ხოლო ხუთჯერ დამარცხდა - საბერძნეთთან (6:20), ხორვატიასთან (7:18), იტალიასთან (14:16), რუმინეთსა (10:15) და საფრანგეთთან (13:16).
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშა, ეს კი, მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატი გახლდათ. საუკეთესო შედეგი 2022 წელს მერვე ადგილი იყო.
საფრანგეთი - საქართველო 16:13 (4:2, 6:4, 4:4, 2:3)
საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (3 გოლი), დადვანი (1), შუშიაშვილი (3), ბითაძე, ვასიჩი, ადეიშვილი (1), სარიჩი, იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (2), ტანკოშიჩი (1), პიეშივაჩი (1), გვეტაძე, ვლაჰოვიჩი
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე: 2014 წელი - მე-12 ადგილი. 2016 - მე-14 ადგილი. 2018 - მე-13 ადგილი. 2020 - მე-10 ადგილი. 2022 - მე-8 ადგილი. 2024 - მე-10 ადგილი. 2026 - მე-10 ადგილი.
რაც შეეხება ევროპის 2026 წლის ჩემპიონატს, ნახევარფინალში 23 იანვარს, იტალია მასპინძელ სერბეთს შეხვდება, ხოლო საბერძნეთი უნგრეთს დაუპირისპირდება. ტურნირის ფინალი 25 იანვარსაა დაგეგმილი.







