„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის მე-19 ტურში „ოსერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, ლიგა 1-ში მხოლოდ იმიტომ არ არიან პირველ ადგილზე, რომ „ლანსს“ საოცარი სერია აქვს (ზედიზედ 10 მოგება).
„ლიგა 1-ში ჯერ არ ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა. მიჩვეულები ვართ დაბალი ბლოკის დაცვის წინააღმდეგ თამაშს, ხშირად ასე თამაშობენ ჩვენი მეტოქეები ჩვენს წინააღმდეგ. გვინდა ლიდერები გავხდეთ, მაგრამ „ლანსი“ შესანიშნავ ფორმაშია, ზედიზედ 10 გამარჯვებით, ეს საინტერესოა.
ეჭვგარეშეა, რომ „ოსერი“ პრობლემების შექმნას ეცდება. მათ პრობლემები შეუქმნეს „მარსელს“, „ლილს“, „ლანსს“ და „სტრასბურს“. მათ სატურნირო ცხრილში უჭირთ, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ ჩვენს დასამარცხებლად. ასევე დავინახეთ, რომ უძლეველი არ ვართ, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველა მატჩის მოსაგებად ბევრი ვიშრომოთ. სერიოზულად და ძალიან კონცენტრირებულად უნდა ვითამაშოთ. ზუსტი უნდა ვიყოთ, რადგან ვიცით, რომ ძალიან ცოტა სივრცე გვექნება.
ბევრ გოლს ვიტანთ და გასულ სეზონში ამავე დროსთან შედარებით ოთხით მეტი გოლი გვაქვს. ეს სასიხარულოა და მაფიქრებინებს, რომ ამ იმპულსს ვინარჩუნებთ. „ლანსი“ წარმოუდგენელ ტემპს ინარჩუნებს და სწორედ ამიტომ არ ვართ ამჟამად სატურნრო ცხრილის სათავეში. ვფიქრობ, სეზონის გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება „ლანსს“. ლუის ენრიკეს გუნდი „ოსერს“ 23 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.





