საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "უდინეზეს" მცველმა საბა გოგლიჩიძემ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ადგილსამყოფელი შეიცვალოს და კარიერა გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად "უოტფორდში" გააგრძელოს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ნიკოლო სკირა ავრცელებს. მისი ინფორმაციით ინგლისელები "უდინეზესთან" მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ, საუბარია 6-თვიან მშრალ იჯარაზე, რომლის დასრულების შემდეგ გოგლიჩიძე კვლავ იტალიაში დაბრუნდება.
საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ გასულ ზაფხულს „ემპოლიდან“ შეუერთდა. მან ფრიულელთა რიგებში 8 მატჩი ჩაატარა, 7 სერია A-ში, ერთი იტალიის თასზე, მაგრამ ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ იყო მოედანზე, ისიც ერთადერთი წუთით. 29 ოქტომბერს, „იუვენტუსთან“ ორი აკიდებული პენალტის შემდეგ საბამ „უდინეზეს“ მწვრთნელის, რუნიაიჩის ნდობა დაკარგა და სათამაშო დრო თითქმის სამი თვეა საერთოდ არ მისცემია.
„უდინეზემდე“ გოგლიჩიძე „ემპოლის“ და „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან სერია A-ში 36 მატჩი ჩაატარა.





