„კადისის“ მთავარმა მწვრთნელმა გაისკა გარიტანომ „გრანადასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იური ტაბატაძეზე ისაუბრა, რომელმაც მუხლის წინაჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს მისი გუნდისთვის დიდი დანაკარგია:
„ტაბატაძე დიდი ხანი ვერ ითამაშებს. ძალიან მძიმე დარტყმაა, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. გუნდისთვის დიდი დანაკარგია. ყოველდღიურად ვსაუბრობთ კლუბში სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ მხოლოდ მატჩებისთვის ვამზადებ გუნდს და ვფიქრობ, რა გვჭირდება. სატრანსფერო ბაზარზე ფული და კონკურენციაა საჭირო, ამაში არ ვერევი“, - განაცხადა გარიტანომ.
შეგახსენებთ, გამოჯანმრთელების ზუსტი დრო სარეაბილიტაციო პერიოდის კარგად გავლაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ამ სეზონში მოედანზე ნამდვილად ვერ გავა, რადგან მსგავსი ტრავმა მინიმუმ 6-7 თვით უქმობას ნიშნავს. 26 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ საუკეთესო შემთხვევაში მომდევნო სეზონის სტარტზე იქნება მზად.
იური ტაბატაძე „კადისს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 18 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა. ის ესპანური გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ესპანეთის თასზე ორ შეხვედრაში ორი საგოლე პასით გამოირჩა.





