სხვა

17:53 | 23.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ათანასიოს კეჩაგიასი: "საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, მაგრამ გაუმჯობესებისთვის ვიმუშავებთ"
იმნაიშვილი: "კმაყოფილები ვერ ვიქნებით, ტოპ 8-შინ მოხვედრა გვინდოდა"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ათანასიოს კეჩაგიასმა ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილის დაკავების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან თავდაპირველად საფრანგეთთან მატჩზე (13:16) ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში უკეთ ითამაშებენ. თუმცა, საერთო ჯამში, ბერძენი სპეციალისტი გუნდის შედეგით კმაყოფილია:

„მარტივი თამაში არ იყო. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს და დიდი ძალისხმევა გამოავლინეს. ერთ დღეში თამაშების ჩატარება მარტივი არაა, კმაყოფილი ვარ იმ შრომით, რაც გასწიეს. მზადებისთვის ერთ თვეზე ნაკლები დრო გვქონდა, ამიტომ, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და კმაყოფილი ვარ. ტურნირის შემდეგ ყოველთვის საჭიროა ანალიზი, გაუმჯობესებაზე მუშაობა და იმ შედეგის მიღწევა, რაც ყველას სურს. მომავალში მაქსიმუმს გავაკეთებთ ისეთი შედეგებისთვის, რომ მოთამაშეებიც კმაყოფილები დარჩნენ თავიანთი თამაშით და სრულიად საქართველომ იამაყოს“, - თქვა კეჩაგიასმა.

მწვრთნელისგან განსხვავებით, შედეგით უკმაყოფილოა ნაკრების კაპიტანი რეზი იმნაიშვილი:

„მოლოდინი უფრო მეტი გვქონდა, ყოველდღე ვმუშაობდით, რომ 8 გუნდში მოვხვედრილიყავით. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. რაღაც მომენტები კარგი იყო, მაგრამ ამ შედეგით საერთო ჯამში კმაყოფილები ვერ ვიქნებით. საფრანგეთთან თამაშშიც შეგვეძლო მოგება, ჩვენი შეცდომებიდან გამომდინარე წავაგეთ... შეცდომების დაშვება ერთია, რასაც გამოყენება უნდა. შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ ასე ვთქვათ, გვაჯობეს. დამწუხრებულები ვართ, მაგრამ შრომას და ენერგიას არასდროს ვიშურებთ და არც ეს იქნება გამონაკლისი, რომ შემდეგში უკეთესები ვიყოთ“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე, სადაც 16 ნაკრები თამაშობდა, მე-10 ადგილი დაიკავა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო - სლოვენიასა (22:11) და თურქეთთან (14:11), ხოლო ხუთჯერ დამარცხდა - საბერძნეთთან (6:20), ხორვატიასთან (7:18), იტალიასთან (14:16), რუმინეთსა (10:15) და საფრანგეთთან (13:16).

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშა, ეს კი, მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატი გახლდათ. საუკეთესო შედეგი 2022 წელს მერვე ადგილი იყო.

0.167291