საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ გასავარდნ ზონაში მყოფ „ოსერს“ ესტუმრა და მოიგო, მაგრამ ძალიან გაუჭირდა.
„სპორტინგთან“ შესანიშნავი გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და კარგადაც ითამაშა. ის აქტიური იყო და გოლთანაც რამდენჯერმე ახლოს გახლდათ.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 79-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ უსმან დემბელეს პასით გაიტანა. თუმცა, რომ არა კვარას შესანიშნავი მოქმედება, ეს გოლი არ იქნებოდა. „ოსერმა“ მატჩში თავისი პირველი კუთხური ჩააწოდა, კვარაცხელია გუნდის დასახმარებლად თავის საჯარიმოში იყო, ბურთი მასთან აღმოჩნდა და დაახლოებით, 60-მეტრიანი უნაკლო პასი გაუკეთა დემბელეს, რომელმაც ბარკოლა მეკარესთან პირისპირ დატოვა და ასე გავიდა გოლი - პსჟ მთელი მატჩი უტევდა და გოლი კონტრშეტევაზე გაიტანა.
ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში 7 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა.
„პარი სენ-ჟერმენი“ 45 ქულით გალიდერდა და ორი ქულით გაასწრო „ლანსს“, რომელსაც ამ ტურში სათამაშო აქვს („მარსელთან“). ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში პირველ თებერვალს, „სტრასბურს“ ესტუმრება, მაგრამ მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუკასლს“ შინ დაუპირისპირდება.





