წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური ეტაპი დასრულდა, შედეგად, ფინალისტები ცნობილია. ოქროს მედლისთვის მასპინძელი სერბეთი უნგრეთს შეხვდება.
ნახევარფინალში სერბეთმა იტალიის ნაკრებს ადვილად აჯობა - 17:13. სერბებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, ხოლო მეოთხე პერიოდის წინ სერბეთი უკვე 5-ბურთიანი სხვაობით იგებდა და აშკარა იყო, შედეგი არ შეიცვლებოდა. სერბეთმა გარდა იმისა, რომ შეტევაში იდეალურად ითამაშა, მეკარის, მილან გლუსაჩის საოცარი თამაშია აღსანიშნავი. იტალიამ მხოლოდ 34%-იანი სიზუსტით შეუტია და 38-დან მხოლოდ 13 ზუსტი დარტყმა ჰქონდა, მაშინ, როდესაც სერბეთმა 58%-იანი სიზუსტით ითამაშა შეტევაში და 29 დარტყმიდან 17 გაიტანა.
დუშან მანდიჩისა და სტრაჰინია რასოვიჩის აქტივში 4-4 გოლია, იტალიაში ფრანჩესკო კონდემი, ფილიპო ფერერო და მატეო იოკი გრატა 3-3 გოლით გამოირჩნენ.
უნგრეთის ნაკრებმა საბერძნეთთან უფრო მძიმე ბრძოლაში მოიგო 15:12. თავიდან ბერძნები იგებდნენ, მაგრამ მესამე-მეოთხე პერიოდი უნგრელებმა შესანიშნავად ჩაატარეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს. უნგრელებიდან კრისტიან მანჰერში 4 გოლით გამოირჩა, ხოლო საბერძნეთის ნაკრებში კონსტანტინოს კაკარისი იყო 3 გოლით საუკეთესო.
25 იანვარს, ჯერ ბრინჯაოს მედლისთვის იტალია და საბერძნეთი შეხვდებიან, შემდეგ ფინალში სერბეთი უნგრეთს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა და მე-10 ადგილი დაიკავა.
საბერძნეთი - უნგრეთი 12:15 (5:4, 3:4, 2:4, 2:3)
სერბეთი - იტალია 17:13 (5:3, 4:4, 6:3, 2:3)







