ევროლიგის 24-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ სტუმრად „ლიონ-ვილერბანი“ დაძაბულ ბრძოლაში, 98:91 დაამარცხა.
პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა, მაგრამ მეორე ნახევარში ესპანური გუნდი უკეთესი იყო და საბოლოოდ, 7-ქულიანი სხვაობით მოიგო.
შესანიშნავად ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 23 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 6 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მოკლედ, შეტევაში ფაქტობრივად უნაკლოდ გაისარჯა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა.
თუმცა, თორნიკე კოეფიციენტით და ქულებით თანაგუნდელ კევინ პანტერს ჩამორჩა, რომელმაც 31 ქულა დააგროვა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 ჰქონდა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, შენგელიას წვლილი „ბარსას“ გამარჯვებაში ძალიან დიდია.
„ბარსელონა“ ევროლიგაში 16 მოგებით და 8 წაგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 იანვარს, „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება.







