ფეხბურთი

11:29 | 24.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჩემი ფეხბურთელების თვისებები ყველამ იცის, გაუმჯობესება შეგვიძლია"
"როდესაც კარგად თამაშობ და ვერ იგებ, ეს თავდაჯერებულობას ამცირებს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში „ოსერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ მომენტების გამოყენებასთან დაკავშირებით თავდაჯერება აკლიათ, რაზეც უნდა იმუშაონ.

„თამაში რთული იყო. შევქმენით მომენტები, მაგრამ გვაკლდა თავდაჯერებულობა და სიზუსტე შეტევების დასრულებისთვის. მატჩი რთული იყო, მაგრამ გოლი გავიტანეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდესაც მეტოქეს უკეთესად თამაშობ, მაგრამ ვერ იგებ, როგორც ეს „სპორტინგთან“ მოხდა, შენს თავდაჯერებულობას ამცირებს. პირველი 15 წუთის განმავლობაში შევქმენით მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ისინი კარგად იცავდნენ თავს. უნდა ვიმუშაოთ. უნდა გავუმჯობესდეთ, რადგან სეზონის გადამწყვეტი მომენტი ახლოვდება და „ლანსზე“ ზეწოლა უნდა მოვახდინოთ.

მომენტების გამოუყენებლობა მხოლოდ თავდამსხმელების პრობლემა არ არის, ნახევარმცველებსაც ჰქონდათ შანსები. უნდა ვიმუშაოთ, რომ შემდეგი მატჩისთვის მაქსიმალურად ზუსტები ვიყოთ. ვფიქრობ, ეს ტექნიკური საკითხი არაა, ძირითადად თავდაჯერებულობის საკითხია. თავდაჯერებულობა კი ისეთი რამ არ არის, რისი ყიდვაც შეგიძლია. ვარჯიშზე ხარისხიანი ვართ, მაგრამ ფეხბურთელები მანქანები არ არიან. დღეს ბურთის მოძრაობაში ზუსტი არ ვიყავით. ამის შეცვლა შეგვიძლია, რადგან ყველამ იცის ჩვენი მოთამაშეების ინდივიდუალური თვისებები.

„ნიუკასლთან“ მატჩი? გუნდს მნიშვნელოვანი მატჩების გამოცდილება აქვს, რაც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში აჩვენეს. დარწმუნებული ვარ, „პარკ დე პრენსზე“ გასამართ მატჩში ძალიან კარგად ვითამაშებთ, მიზანი დომინირება და გამარჯვებაა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 45 ქულით გალიდერდა და ორი ქულით გაასწრო „ლანსს“, რომელსაც ამ ტურში სათამაშო აქვს („მარსელთან“). ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში პირველ თებერვალს, „სტრასბურს“ ესტუმრება, მაგრამ მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუკასლს“ შინ დაუპირისპირდება.

0.173332