კალათბურთი

10:26 | 24.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის კარიერული თამაში – ქართველი ფორვარდი მატჩის ბომბარდირი გახდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველმა ფორვარდმა „ტორონტო რეპტორსს“ „პორტლენდის“ წინააღმდეგ გამარჯვება მოაპოვებინა. კანადელებმა სტუმრად 110:98 იმარჯვეს და სეზონში 27-ე მოგება მიითვალეს.

მატჩის მთავარი გმირი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახდა, მან თამაში ძირითად ხუთეულში დაიეყო. სანდრომ 35 წუთში შესანიშნავი სტატისტიკა დააგროვა: 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა. სანდრომ 9-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ფორვარდმა არამარტო „ტორონტოში“, არამედ ორივე გუნდში ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა, რაც მისთვის NBA-ში პირველი ასეთი შემთხვევაა. ამასთანავე დააფიქსირა უმაღლესი მარგი ქმედების კოეფიციენტი (+25!) რაც მის შესანიშნავ ეფექტურობაზე ნათლად მეტყველებს.

სანდროს +25 იყო არა მხოლოდ ტორონტოში, არამედ მთელ შეხვედრაში საუკეთესო ინდიკატორი იყო. მამუკელაშვილის დადებითი გავლენა თამაშზე განსაკუთრებით გამოჩნდა მაშინ, როცა ის მოედანზე იმყოფებოდა - „რეპტორსი“ ამ პერიოდში აშკარად დომინირებდა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე მატჩია ზედიზედ, რომელშიც ქართველმა ფორვარდმა 22 ქულა ჩააგდო, მამუკელაშვილი გუნდში საუკეთესო იყო, ხოლო მისმა თანაგუნდელებმა იმმანუელ ქუიქლიმ და ბრენდონ ინგრემმა შეხვედრა 20-20 ქულით დაასრულეს.

„ტორონტო რეპტორსმა“ 46 მატჩიდან 27 გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მყარად დამკვიდრდა მე-4 პოზიციაზე. გუნდი მტკიცედ ინარჩუნებს პლეი-ოფის ზონას და ლიდერებთან ბრძოლას განაგრძობს.

კანადური კლუბის მომდევნო გამოცდა 26 იანვარს ელოდება. მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ოკლაჰომა სიტი თანდერსს“ დაუპირისპირდებიან, რომელიც დასავლეთის ლიდერთა შორისაა.

მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი კალათბურთელი თანდათანობით მნიშვნელოვან როლს იკავებს „ტორონტოს“ შემადგენლობაში და დამსახურებულად იძენს ლიდერის სტატუსს.

0.166658