ცნობილი ესპანური გაზეთის, Marca-ს დღევანდელ ნომერში „ვილიარეალისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.
ის საუბრობს „რეალთან“ მოახლოებულ მატჩზე, საქართველოს ნაკრებზე, „ვილიარეალზე“, „ლიონზე“ და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე:
- უკვე ექვსი თვეა, რაც ესპანეთში და ჩვენს ლიგაში ხართ. როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი?
- ყველაფერი კარგად მიდის. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. უკვე ექვსი თვეა აქ ვარ და ვცდილობთ, ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ.
- 2026 წელი კარგად დაიწყეთ, პირველ ორ თამაშში ორი გოლი გაიტანეთ და გუნდისთვის გადამწყვეტი როლი ითამაშეთ. გრძნობთ, რომ „ვილიარეალში“ სულ უფრო და უფრო უმჯობესდებით?
- დიახ, მუდმივად ვუმჯობესდები. ამას ვაცნობიერებ. მესმის, რას ითხოვს მწვრთნელი მოედანზე ჩემგან და ძალიან ბედნიერი ვარ.
- ბოლოდროინდელ ზოგიერთ მატჩში, მაგალითად, „ბარსელონასთან“ ან „ელჩესთან“ თამაშის გარკვეულ მონაკვეთში, გუნდმა უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშა და ეს მიქაუტაძის უკეთეს თამაშს დაემთხვა. თავს უკეთ გრძნობთ, როდესაც გუნდი ასე თამაშობს?
- დიახ, უკეთესად ვთამაშობ. ვფიქრობ, ეს ყველა თავდამსხმელისთვის სასარგებლოა, რადგან როდესაც მოედანზე უფრო მაღლა ვთამაშობთ, უფრო მაღლა ვაპრესინგებთ და ბურთს უფრო მაღლა ვიბრუნებთ. ეს უფრო სწრაფად შეტევისა და გოლების გატანის უკეთეს შანსს გვაძლევს.
- რა არის მთავარი ცვლილება, რომელიც შენიშნეთ ფრანგულ ფეხბურთში გატარებულ დროსთან შედარებით?
- ფეხბურთის მხრივ დიდად არაფერი შეცვლილა, ყველგან მეტ-ნაკლებად ერთნაირია. თუმცა, ესპანეთის ლა ლიგაში ბურთის კონტროლს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საფრანგეთში. ეს არის მთავარი განსხვავება.
- თქვენთვის „ლიონში“ თამაში ოცნება იყო. ამ ზაფხულს წასვლის გადაწყვეტილება ადვილი არ უნდა ყოფილიყო.
- „ლიონის“ დატოვება ადვილი არ იყო, რადგან იქ დარჩენა მინდოდა. მაგრამ ახლა წინ ვიყურები. ვცდილობ, მაქსიმალურად „ვილარეალზე“ გავამახვილო ყურადღება, რადგან აქ ვთამაშობ და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, შემოსავალი სჭირდებოდა. ბევრი მაღალი ღირებულების მოთამაშე არ იყო, ამიტომ მე ვიყავი ის, ვისაც კლუბის დასახმარებლად მსხვერპლის გაღება მოუწია. მიუხედავად ამისა, ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ.
- კერპივით გაგაცილეს.
- ეს რთული იყო. ლიონში დავიბადე, გავიზარდე, ჩემი ოჯახი და მეგობრები იქ არიან. წასვლა რთული იყო. გარდა ამისა, იქ მხოლოდ ერთი წელი ვიყავი, მაგრამ ჩემი პიროვნებით კვალი დავტოვე, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, რადგან ძალიან ახლოს ვიყავი ხალხთან და გულშემატკივრებთან. ეს რთული გადაწყვეტილება იყო.
- რთული კვირა იყო „ბეტისთან“ და „აიაქსთან“ მარცხის გამო. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ყველანი ძალიან დამწუხრებულები და დათრგუნულები ჩანდით. როგორია ატმოსფერო ახლა „რეალის“ წინააღმდეგ თამაშის წინ?
- წაგება არავის უყვარს. ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ შევძელით სასურველი შედეგის მიღწევა, მაგრამ ეს უკვე წარსულს ჩავაბარეთ. ახლა დიდი გამოწვევა გვაქვს „რეალის“ წინააღმდეგ და ვიცით, რომ ეს თამაში უნდა მოვიგოთ.
- „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოსთან“ 6:1 გამარჯვების შემდეგ გეთამაშებათ, გაწუხებთ მათი ბოლოდროინდელი რეაქცია „ლა სერამიკაზე“ ვიზიტის წინ?
- არა, არ გვეშინია. ლა ლიგაში მესამე ადგილზე ვართ. ვფიქრობ, მათ ჩვენი უფრო უნდა ეშინოდეთ. ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეები და რისი გაკეთება შეგვიძლია. მატჩს შიშის გარეშე და სამი ქულის მოპოვების მიზნით მივუდგებით.
- თქვენ ლიონში გაიზარდეთ იმ დროს, როდესაც „ლიონი“ და „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ბევრჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებულია თუ არა ახლა „რეალის“ წინააღმდეგ თამაში, ლიონთან არსებული ისტორიის გათვალისწინებით?
- როცა პატარა ვიყავი, „ჟერლანის“ სტადიონზე „ლიონი“ – „რეალის“ ყველა მატჩზე დავდიოდი. ეს განსაკუთრებულია? დიახ... მაგრამ საბოლოოდ ეს უბრალოდ კიდევ ერთი თამაშია. ვიცით, რომ რთული იქნება, „რეალის“ დამარცხება არასდროს არის ადვილი, მაგრამ აქ გამარჯვებისთვის ვართ. ახლა ჩემი მიზანია გოლების გატანა, „ვილიარეალისთვის“ გადამწყვეტი ვიყო და კლუბს წინსვლაში დავეხმარო.
- ცოტა ხნის წინ თქვით, რომ „ვილიარეალი“ ლა ლიგაში პირველი ადგილისთვის იბრძოლებდა. კვლავ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ასეთი კონკურენცია?
- კი, რა თქმა უნდა. ის ფაქტი, რომ „რეალმა“ ექვსი გოლი გაიტანა, ჩემს აზრს არ ცვლის. პირველი ადგილიდან შორს არ ვართ. ვიცით, რომ რთული მატჩები გველის, როგორიც წინა ტურში იყო, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის წინსვლაში და რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვებაში.
- ქართული ფეხბურთის საუკეთესო თაობის წარმომადგენელი ხართ: კვარაცხელია, მამარდაშვილი, ქოჩორაშვილი... საფრანგეთში დაიბადეთ, მაგრამ თქვენი ოჯახი ქართულია. ვფიქრობ, მათთვის სიამაყის წყარო იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი გოლი თქვენ გაიტანეთ.
- ვფიქრობ, ეს საუკეთესო თაობაა, რაც კი საქართველოს ოდესმე ჰყოლია. ძმებივით ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა კარგად წარმოვადგინოთ და სტადიონზე მოსული ხალხი გავახაროთ. ერთად თამაში ძალიან გვსიამოვნებს, რადგან ფეხბურთი პირველ რიგში გართობაა. ევრო 2024 განსაკუთრებული იყო. ეს იყო ჩვენი პირველი მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე. მოედანზე გასვლა, გულშემატკივრების ნახვა... ვიცოდით, რომ მათთვის ვიყავით იქ და გვინდოდა შესანიშნავი ტურნირის ჩატარება. შესანიშნავი ემოციები იყო.
- მამარდაშვილი „ვალენსიაში“ თამაშობდა, ქოჩორაშვილი კი „კასტელონსა“ და „ლევანტეში“. ჰკითხეთ თუ არა რჩევა მათ, როდესაც „ვილიარეალიდან“ შეთავაზება მიიღეთ?
- მითხრეს, რომ „ვილიარეალი“ ძალიან ოჯახური კლუბია, იდეალურია მოთამაშის განვითარებისთვის. ასევე, მითხრეს, რომ ვალენსია ლამაზი ქალაქია და ამინდი, როგორც წესი, შესანიშნავია. ესპანეთის ლიგას ბავშვობიდან ვუყურებდი და მოუთმენლად ველოდი აქ თამაშს.
- საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვილი სანიოლის ზარმა დაგარწმუნათ?
- ბელგიაში ვთამაშობდი, როცა დამირეკა. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ადვილი გადაწყვეტილება იყო. ამაზე უკვე ვფიქრობდი, როცა ბელგიაში იჯარით ვიყავი. ვისაუბრეთ და არჩევანი გავაკეთე, რადგან ძალიან მინდოდა.
- ბოლო სეზონებში „ვილიარეალში“ შესანიშნავი თავდამსხმელები იყვნენ, როგორიცაა ჟერარი, აიოზე, სორლოთი, ბარი...
- ვიცოდი, რომ „ვილიარეალში“ შესანიშნავი თავდამსხმელები თამაშობდნენ. მეც აქ ვარ, რათა საკუთარი გზა გავიკვლიო და ჩემი კვალი დავტოვო.
- ცოტა ხნის წინ ვიდეო ვნახეთ, სადაც ქუჩაში ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებს შეუერთდით. თავს ქუჩის ფეხბურთელად, ხალხის ფეხბურთელად თვლით?
- ბავშვობაში, ლიონში, ჩემს უბანში, ქუჩაში საათობით ვთამაშობდი. აქაც მინახავს ქუჩაში მოთამაშე ბავშვები და მეც მათთან ერთად ვითამაშე, რომ ისინი გამეხარებინა. ვფიქრობ, ეს ჩემი პიროვნების ნაწილია. დიდი გული მაქვს და ყოველთვის ვცდილობ, სხვებს ჩემი საუკეთესო შევთავაზო.
- ქუჩის ფეხბურთიდან მოედანზე რამე გადაგაქვთ?
- არის რაღაცეები, რასაც ქუჩაში აკეთებ და მოედანზე ვერ აკეთებ, მაგრამ მართალია, ეს ყოველთვის შენში რჩება და ცდილობ, მოედანზეც გადაიტანო.
- რა ოცნება აქვს მიქაუტაძეს, ესპანურ ფეხბურთსა და „ვილიარეალში“?
- აქ ტიტულების მოგება, უმაღლეს დონეზე ასვლა და ჩემი კვალის დატოვება მინდა. მინდა, რომ ხალხმა დაიმახსოვროს, რომ „ვილიარეალში“ ვთამაშობდი და იცოდეს, რომ აქ იმისთვის ვიყავი, რომ ახალ ლიგაში, ესპანეთში, მეჩვენებინა, ვინ ვარ. ეს ჩემი ოცნებაა.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 23 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე პასი.





