სხვა

12:51 | 25.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

შონ ო'მალი დაბრუნდა - ამერიკელს იანთან რემატჩი სურს
ამერიკელი კვლავ საბრძოლო ელიტის ნაწილია

ყოფილმა UFC-ის ქვენმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო’მალიმ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და მტკიცედ დააფიქსირა, რომ კვლავ ელიტის ნაწილად რჩება. UFC 324-ის თანამთავარ ბრძოლაში, რომელიც ლას ვეგასში გაიმართა, ამერიკელმა მებრძოლმა ჩინელი ვარსკვლავი სონგ იადონგი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა - 29-28, 29-28, 29-28.

ბრძოლა მაღალი ტემპითა და ტაქტიკური დაპირისპირებით გამოირჩეოდა. ორივე მებრძოლი აცნობიერებდა შეხვედრის მნიშვნელობას, რადგან გამარჯვება პირდაპირ გავლენას ახდენდა დივიზიონის სამომავლო ტიტულის სურათზე.

პირველი რაუნდი - ფრთხილი დასაწყისი

შეხვედრა დისტანციის კონტროლით დაიწყო. ო’მალი ცდილობდა თავისი სიგრძისა და დგომში მუშაობის გამოყენებას, თუმცა იადონგის კარგი გვერდითი მოძრაობები ხელს უშლიდა მას სუფთა და ძლიერი დარტყმების მიყენებაში. რაუნდის მიწურულს სონგმა დონე შეცვალა და ბრძოლა პარტერში გადაიტანა, სადაც ო’მალი ძირს დააგდო. მიუხედავად ამისა, დომინაცია ხანმოკლე იყო. იმის გათვალისწინებით, რომ თეიქდაუნები თავად ქულებში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, მსაჯებმა უპირატესობა ამერიკელის აქტიურ დგომით მუშაობას მიანიჭეს.

მეორე რაუნდი – იადონგის პასუხი

მეორე რაუნდში სონგ იადონგი გაცილებით აგრესიული გამოვიდა. მან მნიშვნელოვნად შეამცირა დისტანცია, აქტიურად მუშაობდა ხელებით და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ძლიერ ლოუ-ქიქებს. სწორედ ამ რაუნდში დაიწყო ო’მალის მოძრაობის შენელება. იადონგმა ორჯერ შეძლო მეტოქის პარტერში გადაყვანა და ხანგრძლივი კონტროლი, რაც რაუნდის აშკარა გამარჯვებად აქცია ჩინელი მებრძოლისთვის.

მესამე რაუნდი - ო’მალის გამოცდილება გადამწყვეტი გახდა

გადამწყვეტ რაუნდში ორივე მებრძოლი მაქსიმალური კონცენტრაციით გამოვიდა. ო’მალი აშკარად დაზიანებული ფეხებით იბრძოდა, თუმცა, გამოცდილებამ და ტექნიკამ თავისი გაიტანა. მან მოახერხა დისტანციის შენარჩუნება, მუშაობდა ჯაბით და ეფექტურად იხრებოდა იადონგის შეტევებისგან. სონგი ნოკაუტის ძიებაში წინ მიიწევდა, მაგრამ საკმარისი იდეები აღარ ჰქონდა.

რაუნდის მეორე ნახევარში ო’მალიმ ზუსტი ორდარტყმიანი კომბინაცია და მუხლი გაატარა, რამაც იადონგის ტუჩი გაუხეთქა და ბრძოლის ინიციატივა საბოლოოდ მის ხელში გადავიდა. ამ მომენტიდან შუგა აშკარა ლიდერად გამოიყურებოდა.

შედეგი და მომავალი გეგმები

სამივე მსაჯმა გამარჯვება შონ ო’მალის მიანიჭა ანგარიშით 29-28. ამ წარმატებით შონმა ორმარცხიანი სერია შეწყვიტა, რომელიც მას ქართველ ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან ჰქონდა განცდილი და ბრძოლა ოფიციალურად დაასრულა ტიტულის პრეტენდენტის სტატუსით. შეხვედრის შემდეგ მან ღიად გამოთქვა სურვილი, პიოტრ იანთან ტიტულისთვის ბრძოლის შესახებ.

რაც შეეხება სონგ იადონგს, ეს მარცხი მისთვის ბოლო ექვს UFC ბრძოლაში მესამე წარუმატებლობა აღმოჩნდა, რაც ჩინელ მებრძოლს აიძულებს, კარიერის მომდევნო ნაბიჯები სერიოზულად გადააფასოს.

თეგებიშონ ო\'მალიUFC
0.092203