ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარა და ურთულეს შეხვედრაში ფრე 2:2 დააფიქსირა.
თამაში დაძაბული და დრამატული გამოდგა, სადაც განსაკუთრებულად გამოირჩა ეროვნული ნაკრების მეკარე ალი ასლანი, რომელმაც თავისი ბრწყინვალე თამაშით ფაქტობრივად გუნდი მარცხისგან იხსნა. მთელ მატჩის განმავლობაში ასლანს 33 სეივი ჰქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ბოლო წუთებში შესრულებული გმირობა: როდესაც შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთი რჩებოდა, მეკარემ პენალტი მოიგერია და ქართველებს ქულის შენარჩუნების შანსი დაუტოვა. ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულად აღიარეს.
შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად დაიწყო. მე-6 წუთზე ხორვატმა მცველმა სეკულიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ამით ჩვენი ქვეყნის გუნდი წინ გაიჭრა. ტაიმის ბოლომდე ავთანდილ ასათიანის გუნდი ცდილობდა უპირატესობის შენარჩუნებას, თუმცა ხორვატებმა ბოლომდე იბრძოლეს და პირველი ნახევრის მიწურულს კუსტურამ წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმი უფრო რთულად დაიწყო საქართველოსთვის. ხორვატებმა უპირატესობა განიმტკიცეს და ჰუგოს გოლით წინ გავიდნენ. მიუხედავად ამისა, ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს. 24-ე წუთზე გიორგი ღავთაძეს კარგი შანსი გასატანად, მაგრამ პენალტი ცუდად დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. გადამწყვეტი ეპიზოდი მატჩის მე-35 წუთზე დადგა, როდესაც კეკელიამ ბრწყინვალე შეტევა ღავთაძის პასის შემდეგ ცარიელ კარში ზუსტად დაასრულა და საბოლოო ანგარიში - 2:2 დააფიქსირა.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს და ჯგუფში მომდევნო, გადამწყვეტ შეხვედრას 28 იანვარს საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს მატჩი დიდ მნიშვნელობას ატარებს. გამარჯვება გუნდისთვის პლეი-ოფში გასვლის შანსს ნიშნავს.
A ჯგუფს ორი ტურის შემდეგ საფრანგეთი 4 ქულით ლიდერობს, რომელმაც მეორე ტურში ლატვია 5:0 გაანადგურა. 3 ქულა აქვს ლატვიის ნაკრებს, ორი ხორვატიას და საქართველოს - 1.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ერთდროულად სამ ქვეყანაში: სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში მიმდინარეობს და 7 თებერვლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი კონტინენტის პირველობაზე უკვე მეორედ ასპარეზობს.
ხორვატია - საქართველო 2:2 (1:1)
გოლები: 0:1 სეკულიჩი (6, ა.გ), 1:1 კუსტურა (16), 2:1 ლიმა (23), 2:2 კეკელია (35)
გამოუყენებელი პენალტი: ღავთაძე (24, მეკარე), იელოვჩიჩი (39, მეკარე)
საქართველო: ასლანი; ჩიმაკაძე, თოდუა, ღავთაძე, კეკელია, თოდუა, ბუკია, გაბრიჩიძე, ტყეშელაშვილი, გიორგაია, თოფურია, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, კვარაცხელია.







