საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ხორვატიის ნაკრებთან ფრედ 2:2 ითამაშა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.
მატჩის გმირი მეკარე, ალი ასლანი იყო. ფერეიდნელმა ქართველმა 33 დარტყმა მოიგერია და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან თამაშის შემდეგ უეფასთან კომენტარიც გააკეთა.
"შესანიშნავი თამაში იყო. ტურნირი კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ დღეს ყველაფერი კარგი იყო. როდესაც კარგად ვთამაშობ, ეს ნიშნავს, რომ მთელი გუნდი კარგად თამაშობს, ფუტსალი გუნდური სპორტია და არა მხოლოდ ერთი მოთამაშის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემი მეგობრები და ძმები არიან.
საფრანგეთთან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და შეიძლება მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. დიდ პატივს ვცემთ საფრანგეთს. ვიცით, რომ ძლიერია და ისინი კარგად თამაშობენ, მაგრამ საქართველო ვართ, უშიშარი ხალხი ვართ. არ ვიცი, როგორი იქნება შედეგი, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა ასლანიმ.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს და ჯგუფში მომდევნო, გადამწყვეტ შეხვედრას 28 იანვარს საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს მატჩი დიდ მნიშვნელობას ატარებს. გამარჯვება გუნდისთვის პლეი-ოფში გასვლის შანსს ნიშნავს.
A ჯგუფს ორი ტურის შემდეგ საფრანგეთი 4 ქულით ლიდერობს, რომელმაც მეორე ტურში ლატვია 5:0 გაანადგურა. 3 ქულა აქვს ლატვიის ნაკრებს, ორი ხორვატიას და საქართველოს - 1.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ერთდროულად სამ ქვეყანაში: სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში მიმდინარეობს და 7 თებერვლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი კონტინენტის პირველობაზე უკვე მეორედ ასპარეზობს.





