კალათბურთი

18:50 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

2026 წლის სუპერლიგის ოლ სტარს რუსთავმა უმასპინძლა - ლეგიონერებმა ადგილობრივებს 148:134 აჯობეს

სუპერლიგის 2026 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას რუსთავის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ოლ სტარის რეგიონებში ჩატარების ტრადიცია დაბრუნდა. წინა, 2024 წლის ოლ სტარი თბილისში ჩატარდა, მანამდე კი ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციის მასპინძელი იყო ქუთაისი, გორი, ხაშური და რუსთავში.

ტრადიციულად, ყველა ვარსკვლავის მატჩს სამქულიანებისა და ეფექტური გდებების, ეგრეთ წოდებული ჩატენვების კონკურსი ახლდა. მატჩ-აქციაში მონაწილეობდნენ ჩირლიდერ გოგონათა გუნდი, რომლებიც კალათბურთელებს თამაშისა და კონკურსებში მონაწილეობისას ამხნევებდნენ. დარბაზში იმყოფებოდა საქართველოს ნაკრებისა და ქართული კალათბურთის მხარდამჭერი თილისმა – ლომი “ჯეო”.

ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლდათ, ხოლო მასპინძელი და თანაორგანიზატორი რუსთავის მერია. მატჩს დაესწრო რუსთავის მერი, ქალბატონი ნინო ლაცაბიძე, რომელმაც მისი უწყების სახელით დაწესებული სპეციალური პრიზი, რომელიც თანამშრომლობისა და კეთილგანწყობის ჟესტი იყო, ღონისძიების ბოლოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას გადასცა, რომელიც საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა ჩაიბარა.

ყველა ვარსკვლავის მატჩი – All Star 2024

ადგილობრივები VS ლეგიონერები
სრული სტატისტიკა: 134:148

ოლ სტარისთვის მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს ვსა-ს მთავარი მწვრთნელი დავით ნოზაძე უძღვებოდა, ხოლო ლეგიონერებს – კსუ-კავკასიას მთავარი მწვრთნელი ბექა წივწივაძე. მწვრთნელებმა ასისტენტები თავად შეარჩიეს – ნოზაძეს ასისტენტობას კოტე ტუღუში და ალექსანდრე ნოზაძე უწევდნენ, ხოლო წივწივაძეს კსუ-ში მისი ასისტენტი საბა ჯაყელი და რუსთავის თავკაცი გოგა ცეკვავა.

ადგილობრივები

ადგილობრივები: ნიკოლოზ თოთლაძე (ორბი), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლევან ბაბილოძე (ბათუმი), ვლადიმერ თავაქარაშვილი (ივერიონი), აკაკი დვალიშვილი (ბათუმი).

სათადარიგოები: ლუკა მაზიაშვილი (კსუ-კავკასია), სანდრო სანაძე (მარგვეთი), ლუკა ლიკლიკაძე (ვსა), ვახტანგ გაფრინდაშვილი (რუსთავი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ლუკა კალატოზიშვილი (ვსა) და გიორგი სულაბერიძე (ქუთაისი)

ლეგიონერები

სასტარტო ხუთეული: ტაირი ბოიკინი (ქუთაისი), დეტრეკ ბრაუნინგი (ქუთაისი), მონტეს მატისი (რუსთავი), მაირინ ტომასი (ბათუმი), დენგ გაკი (რაში).

სათადარიგოები: კვენტინ ჰარდრიქტი (თსუ), ქსავიერ ბელი (კსუ-კავკასია), დემარი კინგი (ვსა), ენდრიუ ლუისი (ივერიონი), ჯალენ ჰილი (მარგვეთი), დონი ტილმანი (კსუ-კავკასია) და ანდრე უეირი (რაში)

ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ, რუსთავის ახალ სპორტის სასახლეში მოსული გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ. შესაბამისად, მოთამაშეები დაცვაზე არ იყვნენ ორიენტირებულები და ცდილობდნენ, უფრო შთამბეჭდავი მოქმედებებით ჩაეგდოთ ბურთი. შესაბამისად, მაყურებელმა ძალიან ბევრი ეფექტური გდება (ჩატენვას რომ ეძახიან) იხილა. როგორც ოლ სტარს ახასიათებს, ამჯერადაც უხვქულიანი ანგარიში დაფიქსირდა. გამარჯვება ლეგიონერებს დარჩათ- 148:134, რაც ქართული ოლ სტარების სარეკორდო შედეგია.

სამქულიანების კონკურსი

სამქულიანების კონკურსის ნახევარფინალი მეორე პერიოდის დასრულების შემდეგ გაიმართა და მასში მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასხვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. პირველ ეტაპს 3 ფინალისტი უნდა გამოევლინა.

კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 6 მოწინავე სამქულიანების მსროლელი მონაწილეობდა – ლუკა მაზიაშვილი (კსუ-კავკასია), კვენტინ ჰარდრიქტი (თსუ), დეტრეკ ბრაუნინგი (ქუთაისი), დიჯეი დევისი (მარგვეთი), ტრევონ ტომასი (რაში), ტაირი ბოიკინი (ქუთაისი).

პირველი ეტაპის შემდეგ ფინალში დიჯეი დევისი (19 ქულა), ტაირი ბოიკინი (17) და ლუკა მაზიაშვილი (15) გადავიდნენ. მესამე პერიოდის შემდეგ ფინალური შერკინება გაიმართა, რომელიც ზესტაფონის მარგვეთის ლეგიონერის – დიჯეი დევისის გამარჯვებით დასრულა.

ოლ სტარ 2026-ის სნაიპერი მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ეფექტური გდებების (ჩატენვების) კონკურსი

ეფექტურ გდებებში 3 მონაწილე იყო – ბათუმის ამერიკელი ლეგიონერი მაირინ ტომასი, ტყიბულის ორბის ფორვარდი ლუკა ხარაბაძე და ვსა-ს წევრი ვატო გაჩეჩილაძე.

ეფექტური გდებების საკონკურსო ჟიურიში იყვნენ – კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, გამგეობის წევრი, ოთარ ფაიქრიძე, რუსთავის საკრებულოს წევრი და ვეტერანი კალათბურთელი – მიხეილ ბერუაშვილი და კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კობა კობიაშვილი.

ეფექტური გდებების კონკურსი მართლაც ეფექტური გამოდგა. ფინალში ტომასი და ხარაბაძე გავიდნენ. გამარჯვება ქართველ კალათბურთელს დარჩა, რომელმაც 2 აღმაფრთოვანებელი სლემ-დანქი შესთავაზა მაყურებელს. ტომასმა შთამბეჭდავი ჩატენვა დაგეგმა, მაგრამ სისრულეში ვერ მოიყვანა და გამარჯვება ხარაბაძეს დარჩა.

დაჯილდოების ცერემონიალი

2026 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილეები სპეციალური მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კობა კობიაშვილმა. მათვე გადასცეს კუთვნილი პრიზები ჩატენვებისა და სამქულიანი კონკურსების გამარჯვებულებს – ლუკა ხარაბაძეს და დიჯეი დევისს.

დაჯილდოების დაწყებამდე რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მისი უწყების სახელით დაწესებული სპეციალური პრიზი, რომელიც თანამშრომლობისა და კეთილგანწყობის ჟესტი იყო,კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას გადასცა. რუსთავის მერიის პრიზი ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა ჩაიბარა.

მატჩის MVP გახდა ბათუმის ამერიკელი ლეგიონერი – ჩატენვების კონკურსის ფინალისტი, მაირინ ტომასი. მან 23 წუთში 38 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ადგილობრივთა გუნდიდან საუკეთესო შედეგი ბათუმის კიდევ ერთმა წევრმა, აკაკი დვალიშვილმა დააფიქსირა – 33 ქულა, 13 მოხსნა 21 წუთში. ოლ სტარის MVP-ის სპეციალური პრიზი ყოფილმა კალათბურთელმა, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა.

GBF.GE

0.174055