ფეხბურთი

18:16 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" მფლობელის შეხვედრა გუნდთან თურქულ შეკრებაზე

ბათუმის დინამოს ახალი მფლობელი თემურ მიქელაძე, კლუბის აქციონერებთან ერთად, გუნდს თურქულ შეკრებაზე ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები, სადაც კლუბის ახალმა მფლობელმა ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს საკუთარი ხედვა გააცნო. საუბარი შეეხო როგორც კლუბში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ მდგომარეობას, ასევე სამომავლო გეგმებსა და განვითარების სტრატეგიას.

ანტალიაში ყოფნისას თემურ მიქელაძე ბათუმის „დინამოს“ ერთგულ გულშემატკივრებს - „შავი ზღვის პირატებსაც“ შეხვდა. კლუბის ახალმა მფლობელმა გულშემატკივრების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და მათ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„თურქეთში გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ შევხვდით როგორც ფან-კლუბის წარმომადგენლებს, ასევე ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს. ახლა კიდევ უფრო ნათლად გავაცნობიერე, თუ რამდენად დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე, რაც დამატებით მოტივაციას მაძლევს, დასახული მიზნები მეტი ძალისხმევითა და სიყვარულით შევასრულო.

ბათუმელებს ვპირდებით, რომ როგორც კი კლუბს სატრანსფერო სანქცია მოეხსნება, გუნდს შევავსებთ ღირსეული ფეხბურთელებით - ისეთებით, რომლებიც სრულად გაიზიარებენ ჩვენი კლუბის ღირებულებებს.“ - თემურ მიქელაძე

მოგეხსენებათ, რომ 2025 წლის მიწურულს ბათუმის დინამო სააქციო საზოგადოება დბ 1923-მა შეიძინა. კლუბის მთავარი აქციონერი თემურ მიქელაძეა, ხოლო მასთან ერთად აქციებს ფლობენ ენრიკო მიქელაძე, გიორგი რომანაძე, ბექა შარაშიძე და ოთარ მუმლაძე. სწორედ ამ აქციონერთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა კლუბის ახალი მფლობელი ანტალიაში.

თემურ მიქელაძის პირადი ინიციატივით უახლოეს მომავალში ბათუმის დინამოს აქციები საჯარო გაყიდვაში გამოვა, რაც ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს კლუბის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

dinamobatumi.com

0.167472