„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ მარცხის შემდეგ (0:3) ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მის გუნდში რთული სიტუაციაა, რადგან „ნაპოლის“ ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ დანებებას და ნავის მიტოვებას არავინ აპირებს:
„სანამ ანგარიში 1:0 იყო, თამაში დაძაბული გახლდათ, არსებობდა განცდა, რომ შეგვეძლო გათანაბრება. ვულოცავ „იუვეს“, მაგრამ ასევე, ჩემს ფეხბურთელებსაც, მათთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, ყველაფერი გაიღეს. ჩემს კარიერაში პირველად ვთამაშე ფეხბურთელი (ჯოვანე), რომელსაც ჩვენს გუნდში ერთი წუთიც კი არ უვარჯიშია და ეს ჩვენს სიტუაციაზე ბევრ რამეს ამბობს.
ნავი შუა ზღვაშია, შტორმის დროს და არავინ აპირებს ნავის მიტოვებას. მთელი ძალებით ვიბრძოლებთ, ნავს ვერ დავტოვებთ და ბოლომდე ყველაფერს გავაკეთებთ. ამ შტორმში ხედვით უნდა იმოქმედო, ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, სამ დღეში ერთხელ თამაში ყველას არ შეუძლია. არ ვიცით, ეს შტორმი რამდენ ხანს გაგრძელდება. „ჩელსისა“ და „ფიორენტინასთან“ მატჩებისთვის შემადგენლობა იგივე იქნება, ამ შეხვედრებისთვის ტრავმირებულებიდან ვერავინ დაგვიბრუნდება“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 43 ქულით მეოთხე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე კი მხოლოდ 8 ქულა აქვს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ტურში „ჩელსისთან“ აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.





