„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურში „ჩელსისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, მისი გუნდი რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ გამარჯვება მოიპოვონ და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
„ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე არცერთი ჩვენგანი არ ფიქრობს, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, მაგრამ უარესისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჩემპიონატი დღეს რომ იწყებოდეს, „ნაპოლის“ ყველა მერვე-მეათე ადგილებს შორის დააყენებდა, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ.
ჩემი ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, ვერავის ვერაფერში დავადანაშაულებთ. „ჩელსი“? ამ კლუბს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი მისი ამბიციები. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.
სპალეტიმ იტალიის ექსჩემპიონი გვიწოდა? თუ ასეთი რამ თქვა, ეს კარგი არ არის, სამწუხაროა. სკუდეტო ისევ ჩვენს მაისურზეა გამოსახული და პატივისცემას ვისამხურებთ. სხვა გუნდზე მსგავსი რამის თქმას ვერასდროს გავბედავდი. ლუჩანო სპალეტი კარგი მწვრთნელია, მაგრამ საუბრისას უფრო ყურადღებით უნდა იყოს. ამის თქმის უფლება არ ჰქონდა, რადგან სეზონის ბოლომდე კიდევ 16 ტურია დარჩენილი, მან კი სკუდეტო უკვე წაგვართვა, სამწუხაროა, რადგან ბევრი ვიშრომეთ, რომ პატივისცემა დაგვემსახურებინა“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 43 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 8 ქულა აქვს და პლეი-ოფში გასასვლელად „ჩელსი“ აუცილებლად უნდა დაამარცხოს.





