ფეხბურთი

18:16 | 27.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "პლეი-ოფში საოცარი გუნდი ვართ, რასაც კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურში „ნიუკასლთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, მიზანი საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრაა, მაგრამ თანახმაა, პლეი-ოფში გავიდნენ და არა პირდაპირ მერვედფინალში, თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ, როგორც ეს გასულ სეზონში მოხდა.

„ამ დონის მატჩის სათამაშოდ განსხვავებას გრძნობ. მის წინა დღეებში ატმოსფერო განსხვავებულია. მიჩვეულები ვართ რთულ მატჩებს, მშვიდად ვემზადებით. ვიბრუნებთ მოთამაშეებს, რომლებიც მზად არიან და ეს ყოველთვის კარგი ამბავია. დღევანდელი სავარჯიშო სესია ძალიან მაღალი დონის იყო. ეს ტურნირი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მიზანია, რომ ტოპ 8-ში მოვხვდეთ და ძალიან კარგ გუნდთან მატჩი მოვიგოთ. ეს ძალიან რთული იქნება. სეზონის გადამწყვეტი მომენტია, მაგრამ მომავალი მატჩები კიდევ უფრო რთული იქნება. თუ მოვიგებთ, შეგვიძლია მე-6 ადგილზე გავიდეთ, მაგრამ თუ მეტყვიან, რომ პლეი-ოფში უნდა გავიდე, როგორც გასულ სეზონში და ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, თანახმა ვიქნებოდი... ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა შემდეგ პლეი-ოფის ეტაპზე იწყება. ამ ეტაპზე წარმოუდგენელი გუნდი ვართ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ.

„ნიუკასლი“ მე-4 კალათა გუნდი არ არის. ჩვენი მეტოქეებიდან ექვსი გუნდი ცხრილის პირველ ათეულშია. ეს წარმოუდგენელია, თუმცა უნდა შევეგუოთ. მნიშვნელოვანი იქნება ფანების მხარდაჭერის შეგრძნება, რაც განსაკუთრებით გადამწყვეტი იქნება მატჩის ბოლო ეტაპზე. უნდა ვეცადოთ და გავაკონტროლოთ თამაშის ყველა ეტაპი, განსაკუთრებით ბოლოსკენ. შედეგი მხოლოდ ერთი გუნდისთვის იქნება კარგი. იმედი მაქვს, მატჩის ბოლო ნაწილი ქაოტური არ იქნება. რთული იქნება, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ. მთავარია, ისე ვითამაშოთ, როგორც ჩვეულებრივ ვაკეთებთ, ჩვენი ძლიერი და ნიჭიერი მხარეების გამოყენებით“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ფაზის ეტაპის ბოლო ტურის წინ 13 ქულით მეექვსე ადგილზეა, მაგრამ ტოპ 8-ში ადგილს მხოლოდ გამარჯვებით შეინარჩუნებს. პსჟ - „ნიუკასლის“ შეხვედრა 28 იანვარს, 23:55 საათზე გაიმართება.

0.084477