საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა ნიკოლოზ გაბრიჩიძემ ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საფრანგეთის ნაკრებთან მატჩის წინ ისაუბრეს.
ავთანდილ ასათიანი: „ბიჭების შრომამ მოგვიტანა ის, რომ ხორვატიასთან ფრემ დაგვტოვა ბრძოლაში, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. ძალიან კარგად ვიცით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ კარგია, რომ შანსი გვაქვს, ვეცდებით, ეს შანსი გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება. ფინალის ტოლფასი თამაში იქნება, რაც უკვე კარგია და უნდა ვეცადოთ, რომ წინა შრომა არ დაიკარგოს“.
ნიკოლოზ გაბრიჩიძე: „გუნდში დადებითი განწყობაა, საბრძოლველად ვართ მზად თითოეული ფეხბურთელი, გააზრებული გვაქვს, რა დონის და როგორი რთული თამაში იქნება. ვფიქრობ, ყველანი მზად ვართ. საფრანგეთი უძლიერესია, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ეს არ გვაბრკოლებს, მაქსიმუმს ვეცდებით, დანარჩენს თამაში გამოაჩენს“.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს და ჯგუფში მომდევნო, გადამწყვეტ შეხვედრას 28 იანვარს საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს მატჩი დიდ მნიშვნელობას ატარებს. გამარჯვება გუნდისთვის პლეი-ოფში გასვლის შანსს ნიშნავს.
A ჯგუფს ორი ტურის შემდეგ საფრანგეთი 4 ქულით ლიდერობს, რომელმაც მეორე ტურში ლატვია 5:0 გაანადგურა. 3 ქულა აქვს ლატვიის ნაკრებს, ორი ხორვატიას და საქართველოს - 1.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ერთდროულად სამ ქვეყანაში: სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში მიმდინარეობს და 7 თებერვლამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი კონტინენტის პირველობაზე უკვე მეორედ ასპარეზობს.







