“ა” ლიგის მე-2 ტური საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 3-დან 2 მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, ერთში კი ბრძოლა არ შედგა. თბილისი არენამ 2 შეხვედრას უმასპინძლა. ასპარეზი ჯერ ვინგსისა და ლიბერთის გუნდებს დაეთმოთ. ლიგის დებიუტანტისა და ერთ-ერთი ფავორიტის მატჩი თანაბარ ბრძოლაში კი დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა, მეთოდურად, ლიბერთიმ მეტოქეს თამაშს ალღო აუღო და უპირატესობა მოიპოვა.
პირველი პერიოდი ლიბერთიმ 30:19 მოიგო. მეორეში უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა და ამის შემდეგ ვითარება აღარ შეცვლილა. დიდი შესვენების შემდეგ ლიდერობა ერთი გუნდის მხარეს იზრდებოდა და ბესო ლეჟავას გაწვრთნილი ლიბერთის უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა. მატჩმა სპორტული ინტერესი ბოლო პერიოდის დასაწყისშივე დაკარგა. ვინგსი მარცხს შეეგუა და მოედანზე ახალგაზრდა, სათადარიგო მოთამაშეები შეუშვა.
საბოლოოდ ლიბერთიმ 109:77 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და პირველ ტურში მარცხის შემდეგ ბალანსი გაითანაბრა. ლიბერთი ის გუნდია, წინა სეზონში თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით რომ გამოდიოდა. გუნდს მფლობელი შეეცვალა და ის სტუდენტური აღარ გახლავთ. სახელიც შეიცვალა, თუმცა შორს არ წასულა – თუკი თავისუფალი უნივერსიტეტი ერქვა, ახლა ლიბერთი (ქართული თარგმანი თავისუფლება) ეწოდება. გუნდმა პირველ ტურში კასპის გრიფინთან წააგო, თუმცა მაშინ თავისი გოლიათი ცენტრი, რაჰიმ ჯონსონი ვერ ათამაშა და ზოგადად შეუთამაშებელი იყო. ლიბერთის ჰყავს ისეთი შემადგენლობა, რომ სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძოლოს და სავარაუდოდ წინ დიდი ბატალიებიც ელის.
ამის შემდეგ თბილისი არენის სარბიელი ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტ “ბლექ ფორტრესისა” და “გრიფინის” მატჩს დაეთმო. “მეციხოვნეები” (Fortress) თამაშზე ბრენდირებული ავტობუსით მოვიდნენ, წინა დღეს კი დარბაზში გახმოვანების თანამედროვე აპარატურა და სხვადასხვა ტიპის ინვენტარი მოზიდეს. დარბაზის სათადარიგო შესასვლელები, რომლებიც ყოველთვის ღიაა, დაიკეტა და შენობაში შესვლა ყველას მხოლოდ ცენტრალური შესასვლელით შეეძლო. ეს საიმისოდ გაკეთდა, რომ დამსწრეებს იმ ზონაში გაევლოთ, სადაც ბლექ ფორტრესის ფან-შოპი იყო მოწყობილი და გუნდის ეკიპირების შეძენასთან ერთად პრომო-გოგონები ხალხს მატჩისშუა კონკურსში მონაწილეობის მიღებას, ასევე ბლექ ფორტრესის პორტალზე დარეგისტრირებას და ნაირგვარი პრიზების, მათ შორის სოლიდური თანხის მოგების შანსს სთავაზობდნენ.
ბლექ ფორტრესი არა მხოლოდ მოედანზე ბრძოლისთვის მოემზადა. გუნდის მენეჯმენტმა დაგეგმა და წარმართა ღონისძიება, რომლის ანალოგიც “ა” ლიგაში არასდროს ყოფილა. მოგეხსენებათ, თბილისის გუნდებს საკუთრი დარბაზი არ გააჩნიათ, ხოლო რეგიონებში გუნდები თავად არიან ორგანიზატორები და როგორც სურთ, უფრო ზუსტად, ფინანსური შესაძლებლობები რა გასაქანსაც აძლევენ, საშინაო მატჩებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ისე გეგმავენ. კალათბურთის ფედერაცია თბილისური გუნდებისთვის მხოლოდ დარბაზს ქირაობს და მატჩებს მომსახურე პერსონალით (მსაჯები, მსაჯ-მდივნები) უზრუნველყოფს, ხოლო დანარჩენი, სიტყვაზე გასართობი ღონისძიებები, საკუთრივ მასპინძელი კლუბების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ჰოდა, ბლექ ფორტრესმა გამოიყენა მასპინლობის სტატუსი და პირველივე საშინაო მატჩზე შემდეგი მარკეტინგული ნაბიჯები დაგეგმა და შეასრულა:
თამაშზე ბრენდირებული ავტობუსით მისვლა, მოცეკვავე ჩირლიდერთა გუნდი, მოთამაშეთა ანონსირება ჩაბნელებულ დარბაზში, სპეციალური პროჟექტორების ფონზე, მოედნის თავზე, ჭერში დამონტაჟებული კუბის ამუშავება, რომელზეც თამაშის მიმდინარეობის კადრები და ბლექ ფორტრესის სარეკლამო ტიხრები გადიოდა, მოთამაშეთა ანონსირებისა და დიდ შესვენებაზე გამართული კონკურსის წამყვანი, შავ-ყვითელ ფერებში გამოწყობილი გუნდის მასკოტი, ათობით ადამიანისგან შედგარი პერსონალი, რომლებსაც ყოველივე ზემოთთქმულის ორგანიზება ჰქონდათ დანაწილებული და კამერამომარჯვებული ოპერატორები, რომლებიც მატჩისწინა ამბებსაც იღებდნენ და თავისი გუნდის არც ერთი შეტევის დაფიქსირება არ გამოჰპარვიათ.
გაწეული შრომა გუნდის ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელ, ლაშა ელბაქიძეს დაუფასდა. ბლექ ფორტრესის მოთამაშეებმა გრიფინთან მატჩში შეასრულეს გუნდის მთავარი დევიზი (Defend The Fortress) და ციხესიმაგრე დაიცვეს. შეხვედრა 88:84 (სტატისტიკა) დასრულდა და “ცეცხლოვან” გიფინთან ბრძოლაში მეციხოვნეთა რაზმის მეთაური კაფანდარა, მაგრამ სხარტი და შეუპოვარი გამთამაშებელი, ლევან აფციაური გახლდათ. რა თქმა უნდა, ბლექ ფორტრესის გამარჯვება გუნდური სულისკვეთებისა და გამარჯვებისკენ დაუოკებელი სწრაფვის შედეგია, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სწორედ აფციაურის მახვილგონივრულმა და ზუსტმა თამაშმა მოუტანა გუნდს გამარჯვება.
მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე ფორტრესი 81:84 აგებდა, როცა ტროი საიმონსმა ორქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და კასპელებმა მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი შეტევა წამოიწყეს.
ეს შეტევა რომ გრიფინს შედეგიანად დაეგვირგვინებინა, სამი ქულით დაწინაურდებოდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გაირვეოდა. საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე კასპელთა ერთ-ერთ ლიდერ გრეგორი ჰამონდს აფციაურმა ჩაუჭრა და სწრაფ შეტევაში ბურთი ლავარ მილერი ფართან მარტო დატოვა, რომელმაც დამაწინაურებელი გარღვევა დააგვირგვინა – 85:84 დასრულებამდე 20 წამით ადრე. მაგრამ ეს გამარჯვება არ იყო. გრიფინს საკმარისი დრო ჰქონდა და ბლექ ფორტრესი პირისპირ აღმოჩნდა საკუთარი დევიზის წინაშე (Defend The Fortress). დაცვა იყო ის, რამაც მეციხოვნეებს თამაში მოაგებინა. ჯარიმის ზღვარზე, ხისტი დაცვით ფორტრესელებმა ჰამონდი მაქსიმალურად შეავიწროვეს და აიძულეს, ფარქვეშიდან ბურთი აეცილებინა, რომელსაც დაეუფლნენ და სწრაფ შეტევაში დაიძრნენ.
აქ დრამატული ეპიზოდი გათამაშდა. ფართან პირისპირ დარჩნილმა ლავარ მილერმა ბურთი ყველასთვის მოულოდნელად ააცილა და მოხსნისთვის ბრძოლაში დაზღევვაზე მყოფმა აფციაურმა იმარჯვა, რომელსაც ბურთის მოხელთება არ აცალეს და მასზე არასპორტულად დაჯარიმდნენ. დასრულებამდე 6 წამით ადრე აფციაურმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, მეციხოვნეები 87:84 დააწინაურა და ბლექ ფორტრესს ბონუს-შეტევაც დარჩა. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა და დარჩენილ დროში გრიფინის ტაქტიკური ჯარიმის გამო ფორტრესმა უპირატესობა კიდევ ერთი ქულით გაზარდა.
მატჩის საუკეთსო შედეგი (საერთო სარგებლიანობის გათვალისწინებით ) ფორტრესელმა ტროი საიმონსმა დააფიქსირა – 24 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი, თუმცა კლუბის ოფიციალურმა გვერდმა თამაშის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) აფციაური დაასახელა, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 10 პასი, 7 ჩაჭრა და 4 მოხსნა დაგროვდა.
დაბოლოს, არანაკლებ დაძაბული შეხვედრა თელავში, სადაც მართლაც მეციხოვნეებმა (ახალციხელებმა) დრამატულ ბრძოლაში იმარჯვეს. ქალაქ ახალციხის ამავე სახელწოდების გუნდმა ბოლო წუთებზე მოპოვებული ლიდერობით მოახერხა უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მიღწევა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის ბოლოს პერიოდში ქუეს გლოვერის შედეგიანმა თამაშმა ახალციხელებს გამარჯვება მოუტანა – 100:97 (სტატისტიკა). გლოვერის ანგარიშზე 32 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა დაგროვდა.
2 ტურის შემდეგ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი ახალციხეა. შემდეგი ტური 1 და 2 თებერვალს გაიმართება. კასპში გრიფინთან სათამაშოდ ვინგსი ჩავა, ხოლო თბილისი არენაზე მეციხოვნეთა დერბიში ახალციხე ბლექ ფორტრესს უმასპინძლებს, ლიბერთი კი თელავის ბურჯს დაუპირისპირდება. ახალციხეში შესაბამისი დარბაზის არარსებობის გამო ამ ქალაქის გუნდი თამაშებს თბილისი არენაზე მასპინძლობს.
GBF.GE







