საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა ნიკოლოზ გაბრიჩიძემ ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის (1:3) შემდეგ ისაუბრეს.
ასათიანმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი სამივე შეხვედრაში ბოლომდე იბრძოდა და დიდი გამოცდილება მიიღეს, ხოლო საფრანგეთთან გოლის ავტორმა გაბრიჩიძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ დაბრუნდებიან:
ავთანდილ ასათიანი: „მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. ვამაყობ, რომ ჩემმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. მთელი თამაში ველოდით ჩვენს შანსს. 2:1-ზე კარგი შანსი გვქონდა, შეგვეძლო ანგარიში 2:2 გაგვეხადა. ასეთ მატჩებში დიდი ტურნირების გამოცდილება მნიშვნელოვანია. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოდით. მათთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო. ეს ახალგაზრდა თაობა ამ გამოცდილებიდან სწავლობს და მათ შეუძლიათ კვლავ დაბრუნდნენ აქ. მადლობას ვუხდით უეფას და მასპინძელ ქვეყნებს ამ ტურნირისთვის“.
ნიკოლოზ გაბრიჩიძე: „ძალიან რთული თამაში იყო. საფრანგეთი ძალიან ძლიერი გუნდია. მათ გამარჯვება დაიმსახურეს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. უბრალოდ, ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. ფუტსალის ევროზე თამაში ძალიან კარგი გამოცდილება იყო. იმედი მაქვს, რომ დავბრუნდებით“.
შეგახსენებთ, A ჯგუფში საფრანგეთმა იპირველა, მეორე ადგილი ხორვატიას ერგო და ისინი მეოთხედფინალში ითამაშებენ. ლატვია (3 ქულა) და საქართველო (1 ქულა) ტურნირს გამოეთიშნენ. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ (ზედიზედ) ითამაშა. 2022 წლის შედეგი უკეთესი იყო: 2 მოგება, 2 წაგება და მეოთხედფინალი.





