ფეხბურთი

10:22 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე ინგლისურ გუნდში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

„უდინეზეს“ მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას „უოტფორდში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება, რომელიც სანდო ინფორმაციებით გამორჩეული ინსაიდერია.

სკირა სოციალურ ქსელში წერს, რომ კლუბები ბოლო დეტალებზე მუშაობენ და გოგლიჩიძე „უოტფორდში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. ასე რომ, საბა გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იქნება. სავარაუდოდ, გარიგება სეზონის ბოლომდე იჯარით შედგება.

„უოტფორდსა“ და „უდინეზეს“ ერთი მფლობელი ჰყავს - ჯუზეპე პოცო, გარდა ამისა, ორივე კლუბში ერთი და იგივე მენეჯერები მუშაობენ. აქამდეც ბევრი შემთხვევა ყოფილა ამ კლუბებს შორის ფეხბურთელების გაცვლის, მათ შორის გასულ ზაფხულსაც. ასე რომ, ეს ვარიანტი მართლაც რეალურია.

საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ გასულ ზაფხულს „ემპოლიდან“ შეუერთდა. მან ფრიულელთა რიგებში 9 მატჩი ჩაატარა, 8 სერია A-ში, ერთი იტალიის თასზე, მაგრამ ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ იყო მოედანზე, რამდენიმე წუთით. 29 ოქტომბერს, „იუვენტუსთან“ ორი აკიდებული პენალტის შემდეგ საბამ „უდინეზეს“ მწვრთნელის, რუნიაიჩის ნდობა დაკარგა და სათამაშო დრო თითქმის სამი თვეა საერთოდ არ მისცემია.

„უდინეზემდე“ გოგლიჩიძე „ემპოლის“ და „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან სერია A-ში 36 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090612