ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება, „ტორინო“ კი საბა საზონოვის გაყიდვას ცდილობს.
როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, ქართველი მცველი ტურინელთა მთავარი მწვრთნელის, მარკო ბარონის გეგმებში არ შედის. „ტორინო“ მუშაობს, რომ 2 თებერვლამდე საბა საზონოვი, კრისტიან ასლანი, კრისტიანო ბირაგი და ნილს ნკუნკუ გაყიდონ.
„ტორინომ“ საზონოვი „ფიორენტინას“ შესთავაზა, მაგრამ როგორც ჩანს, ფლორენციელები ქართველი მცველით არ ინტერესდებიან. ჯერჯერობით, სხვა კლუბებზე საუბარი არ ყოფილა. ფაქტი ისაა, რომ საბას „ტორინოში“ არ ენდობიან, მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია და განაცხადშიც ვერ ხვდება.
საბა საზონოვი „ტორინომ“ 2023 წელს შეიძინა და მას შემდეგ იტალიურ გუნდში 13 მატჩი ჩაატარა, თუმცა, ერთადერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში. გასულ სეზონში „ემპოლიში“ იყო განათხოვრებული, სადაც არ უთამაშია, რადგან მთელი სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. საბა მოედანზეც არც მიმდინარე სეზონში გასულა, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ტრავმა არ აქვს.







