ფეხბურთი

19:55 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "შეცვლებიდან რამდენიმე წამში მითხრეს, რომ გოლი გვჭირდებოდა"

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მადრიდის „რეალთან“ გამარჯვების (4:2) შემდეგ ისაუბრა.

მან თქვა, რომ 93-ე წუთზე, როდესაც დაცვის ხაზი ცვლილებებით გააძლიერა, ეგონა, რომ 3:2 გამარჯვება მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი იყო:

„ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ, ნამდვილად დავიმსახურეთ. მბაპეს ორი შანსი ჰქონდა და ორი გოლი გაიტანა. „ბენფიკასთვის“ წარმოუდგენლად პრესტიჟულია „რეალის“ დამარცხება, ფანტასტიკურია. როდესაც ბოლო შეცვლები გავაკეთე, მითხრეს, რომ 3:2 გამარჯვება საკმარისი იყო კვალიფიცირებისთვის, ამიტომ, ჩვენი კარის ჩაკეტვა გადავწყვიტე. რამდენიმე წამის შემდეგ კი მითხრეს, რომ კიდევ ერთი გოლი გვჭირდებოდა, მაგრამ მეტი შეცვლის გაკეთება აღარ შემეძლო. გაგვიმართლა, რომ ჯარიმის შესრულების უფლება მივიღეთ, რამაც საშუალება მოგვცა გოლი გაგვეტანა.

ბევრი თამაში მომიგია და წამიგია, მაგრამ არასდროს მომიგია თამაში მეკარის გოლით ბოლო წუთზე. მეგონა, რომ ფეხბურთში ყველაფერი ნანახი მქონდა, თუმცა, ასე არ ყოფილა. ვიცოდი, რომ ტრუბინს ამის გაკეთება შეეძლო, ამიტომ, ვუთხარი, საჯარიმოში შესულიყო

„ინტერი“ თუ „რეალი“ პლეი-ოფში? საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, არამედ, ფეხბურთელებსა და კლუბზე ვფიქრობ. მათთვის „რეალის“ ან „ინტერის“ წინააღმდეგ პლეი ოფში თამაში ფანტასტიკური შესაძლებლობაა“, - თქვა მოურინიომ.

მატჩის შემდეგ კომენტარი ანატოლი ტრუბინმაც გააკეთა, რომელმაც კარიერაში პირველი გოლი გაიტანა.

„ყველა მეუბნებოდა, შეტევაში წავსულიყავი, მწვრთნელიც კი, ამიტომ საჯარიმოში შევედი. არ ვიცი რა ვთქვა. გიჟური მომენტი იყო. „პორტუსთან“ ახლოს ვიყავი გოლის გატანასთან, ამჯერად კი, ეს მოვახერხე. გოლების გატანას მიჩვეული არ ვარ, 24 წლის ვარ და ეს პირველი შემთხვევაა, წარმოუდგენელია. „ბენფიკას“ ტიტულების მოგება, გამარჯვებები სჭირდება. ფეხებით მიწაზე უნდა დავრჩეთ“, - თქვა ტრუბინმა.

„ბენფიკა“ პლეი-ოფში შეიძლება ისევ მადრიდის „რეალს“ შეხვდეს, მეორე ვარიანტი კი მილანის „ინტერია“. ორივე კლუბს ჟოზე მოურინიო კარგად იცნობს, 2008-2013 წლებში სწორედ „ინტერსა“ და „რეალში“ მუშაობდა.

0.089343