რაგბი

23:53 | 29.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

პიერ-ანრი ბრონკანისა და მარკო ბორტოლამის მიერ დასახებულ პირველ სანაკრებო, 34-კაციან გაფართოებულ სიაში 9 პოტენციური დებიუტანტია.

ესენი არიან: ბურჯი მამუკა მსტოიანი, მეორეხაზელები - თემურ წულუკიძე, დავით ლაგვილავა და გაგი მარგველაშვილი, მესამეხაზელი ანდრო დვალი, 9 ნომერი გიორგი სპანდერაშვილი, ცენტრი დავით ბარბაქაძე, ფრთა ნიკოლოზ რეხვიაშვილი და ფულბეკი ოთარ მეტრეველი.

მათი უმრავლესობა ეროვნულ გუნდში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების - 20 და 18-წლამდელთა გუნდების გავლით მოხვდნენ, თუმცა არის გამონაკლისიც. პოტენციური დებიუტანტებიდან 6 ლეგიონერია, ორი ‘შავი ლომის’ მოთამაშეა, ერთი კი საქართველოს პირველ ლიგაში მოთამაშე ბოლნისის ‘ყოჩების’ ღირსებას იცავს.

ახალი სახეებიდან ყველაზე ასაკოვანი ნიკოლოზ რეხვიაშვილია. 28 წლის მორაგბე მთელი კარიერის განმავლობაში მშობლიური კლუბის, ‘ყოჩების’ ერთგულია და მან გუნდი არც მაშინ მიატოვა, როდესაც პირველ ლიგაში დაქვეითდა. რეხვიაშვილს ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშმა არ მოუწია, თუმცა ფარ-ხმალი არ დაყარა, განვითარება განაგრძო და საქართველოს 7-კაცა ნაკრების უცვლელ წევრად იქცა. სწორედ 7-კაცა გუნდში გამორჩეული თამაშით იცნობს მას რაგბის გულშემატკივარი და ახლა 15-კაცა ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა.

24 წლისაა თბილისის ‘აკადემიას’ აღზრდილი ბურჯი მამუკა მსტოიანი, რომელიც 2021 წლიდან ფრანგულ ‘აჟენში გადავიდა და 2 წელი ესპუარებში გაატარა, 2023 წლიდან კი პირველ გუნდს გაუშინაურდა და შარშან პრო დე2-ში 22-ჯერ ითამაშა (1 ლელო), მიმდინარე სეზონში კი კლუბის მაისურით უკვე 12 შეხვედრა (1 ლელო) აქვს ჩატარებული. 2019/20 წლებში ის 20-წლამდელთა ნაკრებში მოიაზრებოდა და ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი გაუქმდა და ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება ვეღარ შეიძინა.

ქუთაისის ‘აიას’ აღზრდილმა ფულბეკმა ოთარ მეტრეველმა, ბორჯღალოსნების კვართით 2025 წლის ზაფხულში სამხრეთ აფრიკული ‘ჩიტასის’ წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ კლუბის წინააღმდეგ თამაში სანაკრებო კეპად არ ითვლება და ოფიციალურ დებიუტს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ელოდება. კოვიდ-პანდემიის გამო 21 წლის მორაგბეს 18-წლამდელთა ტურნირები გაუცდა, თუმცა 20-წლამდელთა გუნდში თავი კარგად წარმოაჩინა და ამჟამად ‘შავი ლომის’ ღირსებას იცავს. მას წელს დებიუტი ჩელენჯ თასზე ჰქონდა.

2005 წელსაა დაბადებული ხუთი მორაგბე, საიდანაც სამი მეორეხაზელია.

‘იუნკერების’ აღზრდილია თემურ წულუკიძე, რომელიც 2024 წლიდან საფრანგეთში გადაბარგდა და ‘ოიონას’ ესპუარებს შეუერთდა. მას ზურგს უმაგრებს როგორც 18-წლამდელთა, ასევე 20-წლამდელთა ნაკრებში ჩატარებული მაღალი დონის თამაშების გამოცდილება. ის 2025 წელსაც იყო ბორჯღალოსნების შეკრებაზე, მაგრამ თამაშმა არ მოუწია.

ბორჯღალოსნების შეკრებაზე იყო, თუმცა ჯერ დებიუტი არ ქონია დავით ლაგვილავას, რომელმაც ასევე ორ-ორი წელი ითამაშა 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში. ქუთაისის ‘აიადან’ ის ჯერკიდევ 2023 წელს ფრანგული ‘გრენობლის’ ესპუარებში გადავიდა, მიმდინარე სეზონის წინ ტოპ 14-ის ‘პერპინიანს’ შეუერთდა და ჩელენჯ თასის გათამაშებაში მის პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი.

ადრეული ასაკიდან წავიდა საფრანგეთში ქუთაისელი გაგი მარგველაშვილი, რომელიც ტოპ 14-ის ‘რასინგის’ ესპუარებში ირიცხება და სწორედ იქიდან მოხვდა ჯერ საქართველოს 18-წლამდე და მერე, საქართველოს 20-წლამდელთა (სადაც 2 წელი ითამაშა) ნაკრებებში. მას ეროვნულ გუნდში წელს პირველად უხმეს.

‘ლელოს’ აღზრდილია მესამე ხაზელი ანდრო დვალი, რომელიც 2024 წელს ფრანგულ ‘პერპიანიანის’ ესპუარებს შეუერთდა და რამდენჯერმე პირველი გუნდის შემადგენლობაში ტოპ 14-შიც ითამაშა. მან ორ-ორი წელი გაატარა საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში და იყო ორივე გუნდის კაპიტანი. აღნიშნულ პოზიციაზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა აქამდე ეროვნულ გუნდში გამოძახება რომ არ მიუღია, ახლა კი საკუთარი შესაძლებლობების უმაღლეს დონეზე დამტკიცების შესაძლებლობა ექნება.

9 ნომრის პოზიციაზე დებიუტის შანსი ექნება გიორგი სპანდერაშვილს, რომელმაც თავი 18 და 20-წლამდელთა რიგებში თამაშისას დაგვამახსოვრა. თბილისის ‘ლელოს’ აღზრდილი მორაგბე 2025 წელს ‘შავ ლომში’ დაწინაურდა, ჩელენჯ თასზე „დიდი მატჩების“ გამოცდილებაც შეიძინა და ახლა ეროვნულ გუნდში დებიუტს ელოდება.

ცენტრი დავით ბარბაქაძე ბორჯღალოსნებში გამოძახებულ მოთამაშეებს შორის ყველაზე უმცროსია. 19 წლის მორაგბემ თამაში ‘არმიაში’ დაიწყო და კაცთა ლიგაში, დიდ 10-შიც ჩაატარა რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა. ის იყო როგორც 18-წლამდე, ასევე 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და 20-წლამდელთა გუნდში თამაში წელსაც ეკუთვნის. მისი მონაცემები უყურადღებოდ არც სკაუტებს დარჩენიათ და მიმდინარე სეზონის წინ ბარბაქაძე ტოპ 14-ის ‘ლიონის’ ესპუარებს შეუერთდა.

RUGBY.GE

0.101664