„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ „ჩელსის“ წინააღმდეგ მისი გუნდი მარცხს არ იმსახურებდა.
იტალიელი ასევე უკმაყოფილოა მატჩების განრიგით და არ მოსწონს, რომ მომდევნო თამაში შაბათს აქვთ:
„ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ჩვენთვის საფეხბურთო კატასტროფაა? გამოდის, რომ ამ კატასტროფის შუაგულში სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოვიგეთ! რა თქმა უნდა, მუშაობის ენერგია ისევ მაქვს. ორნახევარ დღეში ისევ თამაში გვაქვს, ძალიან მინდა, გავიგო, ვის მოუვიდა თავში ეს ბრწყინვალე იდეა, რომ „ფიორენტინასთან“ შაბათს 6 საათზე გვეთამაშა, იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფალი კვირაა. შემადგენლობის მხრივ რთულ მდგომარეობაში ვართ, ძალიან ცოტა ჯანმრთელი ფეხბურთელი გვყავს, არ დაგავიწყდეთ, რომ იგივე ბიჭები, რომლებმაც „ჩელსისთან“ ითამაშეს, ორ დღეში ისევ მოედანზე იქნებიან.
„ჩელსი“ გამარჯვებას არ იმსახურებდა, განსხვავება ჟოაო პედრომ შექმნა, რომელიც კარგი ფეხბურთელია. „ჩელსიმ“ შეტევაში ჩვენზე უფრო ზუსტად ითამაშა, მაგრამ ჩვენ თამაშით ვაჯობეთ მსოფლიოს ჩემპიონს, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი შემადგენლობა არ გვყავს და წაგებას არ ვიმსახურებდით. იმედგაცრუება უფრო „კოპენჰაგენთან“ მატჩზე გვაქვს, იქ ქულები არ უნდა დაგვეკარგა, პლეი-ოფში გასვლას ვიმსახურებდით“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე მხოლოდ 8 ქულა მოიპოვა და 30-ე ადგილი დაიკავა.





