ფეხბურთი

15:27 | 30.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: გუნდები პლეი-ოფში დაწყვილდნენ

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის (1/16-ფინალური ეტაპის) წილისყრა გაიმართა.

შედეგად, ფაზის ეტაპზე 9-24 ადგილზე გასული გუნდები დაწყვილდნენ, რომლებიც მერვედფინალის საგზურისთვის ორმატჩიან დაპირისპირებაში იბრძოლებენ. 9-16 ადგილზე გუნდები განთესილები იყვნენ და ისინი პირველ მატჩს სტუმრად გამართავენ, ხოლო საპასუხოს შინ. შესაბამისად, 17-24 ადგილზე გასული გუნდები პირიქით, განუთესავები იყვნენ და ჯერ საკუთარ მოედანზე ითამაშებენ, შემდეგ - გასვლაზე.

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მეტოქე 1/16-ფინალში "მონაკო" იქნება, ხოლო ამ წყვილში მოგებული მერვედფინალში "ბარსელონას" ან "ჩელსის" შეხვდება. ძალიან საინტერესო იქნება "ბენფიკა" - "რეალის" დუელი, რადგან ეს გუნდები ფაზის ბოლო ტურში შეხვდნენ და "ბენფიკამ" 4:2 მოიგო, პლეი-ოფში კი, ბოლო წუთზე მეკარის გატანილი გოლით გავიდა.

წილისყრის შედეგად, პლეი-ოფში შემდეგი მატჩები გაიმართება:

"ბენფიკა" (პორტუგალია) - "რეალი" (ესპანეთი)
მოგებული მერვედფინალში "სპორტინგს" ან "მანჩესტერ სიტის" შეხვდება

"ბოდო გლიმტი" (ნორვეგია) - "ინტერი" (იტალია)
მოგებული მერვედფინალში "სპორტინგს" ან "მანჩესტერ სიტის" შეხვდება

"მონაკო" (საფრანგეთი) - "პარი სენ-ჟერმენი" (საფრანგეთი)
მოგებული მერვედფინალში "ჩელსის" ან "ბარსელონას" შეხვდება

"ყარაბაღი" (აზერბაიჯანი) - "ნიუკასლი" (ინგლისი)
მოგებული მერვედფინალში "ჩელსის" ან "ბარსელონას" შეხვდება

"გალათასარი" (თურქეთი) - "იუვენტუსი" (იტალია)
მოგებული მერვედფინალში "ტოტენჰემს" ან "ლივერპულს" შეხვდება

"ბრიუგე" (ბელგია) - "ატლეტიკო" (ესპანეთი)
მოგებული მერვედფინალში "ტოტენჰემს" ან "ლივერპულს" შეხვდება

"დორტმუნდი" (გერმანია) - "ატალანტა" (იტალია)
მოგებული მერვედფინალში "არსენალს" ან "ბაიერნს" შეხვდება

"ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი) - "ლევერკუზენი" (გერმანია)
მოგებული მერვედფინალში "არსენალს" ან "ბაიერნს" შეხვდება



მოგეხსენებათ, ფაზის ეტაპზე 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავიდა. ესენი არიან: არსენალი, ბაიერნი, ლივერპული, ტოტენჰემი, ბარსელონა, ჩელსი, სპორტინგი და მანჩესტერ სიტი.

გიორგი მამარდაშვილის "ლივერპული" მერვედფინალში პირდაპირ გავიდა, მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ ცნობილია, რომ ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთი იქნება: "ატლეტიკო", "გალათასარაი", "იუვენტუსი" ან "ბრიუგე". გიორგი ქოჩორაშვილის "სპორტინგიც" მერვედფინალშია, მისი სავარაუდო მეტოქეების ჩამონათვალი ასეთია: "ინტერი", "ბოდო გლიმტი", "რეალი" ან "ბენფიკა". მერვედფინალის წილისყრა 27 თებერვალს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის (1/16-ფინალის) პირველი მატჩები 17-18 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 24-25 თებერვალს გაიმართება. თავის მხრივ, მერვედფინალები 10-11 და 17-18 მარტსაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.

0.094624