„უოტფორდის“ სპორტულმა დირექტორმა ვალონ ბეჰრამიმ დაადასტურა, რომ „უდინეზედან“ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ ბეჰრამი „უდინეზეშიც“ მუშაობს, საერთოდ, ამ კლუბებს ერთი მფლობელი ჰყავს, შესაბამისად, მათ შორის, ფეხბურთელების მიმოსვლა ჩვეულებრივი ამბავია. როგორც ჩანს, გოგლიჩიძეც ერთ-ერთი იქნება.
საბა ძალიან ახლოსაა „უოტფორდში“ სეზონის ბოლომდე იჯარით გადასვლასთან, ხოლო ვეტერანმა შვეიცარიელმა ფეხბურთელმა განაცხადა:
„რა თქმა უნდა, ვიცით, რომ მწვრთნელს ახალი ფეხბურთელების დამატება სჭირდება და ორ ცენტრალურ მცველზე ვმუშაობთ, ერთი მარცხენა ფეხით და მეორე მარჯვენა ფეხით თამაშობს. ახლოს ვართ ამ ორი ახალი მოთამაშის დამატებასთან.
გოგლიჩიძე ნამდვილად შესაფერისი ფეხბურთელია. ის ბევრ კლუბს სურდა და ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სამიზნეა, მას შეუძლია როგორც ცენტრალური მცველის, ასევე მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში. ბევრი პოზიციის დაფარვა შეუძლია და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სამიზნეა. ვნახოთ, ბოლო რამდენიმე დღეში რა მოხდება“, - თქვა ბეჰრამიმ.
საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ გასულ ზაფხულს „ემპოლიდან“ შეუერთდა. მან ფრიულელთა რიგებში 9 მატჩი ჩაატარა, 8 სერია A-ში, ერთი იტალიის თასზე, მაგრამ ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ იყო მოედანზე, რამდენიმე წუთით. 29 ოქტომბერს, „იუვენტუსთან“ ორი აკიდებული პენალტის შემდეგ საბამ „უდინეზეს“ მწვრთნელის, რუნიაიჩის ნდობა დაკარგა და სათამაშო დრო თითქმის სამი თვეა საერთოდ არ მისცემია.
„უდინეზემდე“ გოგლიჩიძე „ემპოლის“ და „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან სერია A-ში 36 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ "უოტფორდში" გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკოლოზ ჩიქოვანი ირიცხებიან. ჩაკვეტაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერა, ხოლო ჩიქოვანი ჯერჯერობით, მეორე გუნდის წევრია.





