საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზედან" "უოტფორდში" გააგრძელებს. ამჯერად, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
21 წლის ქართველი ფეხბურთელი "უოტფორდს" მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლების გარეშე შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში "უდინეზეში" დაბრუნდება. საბამ უდინურ კლუბში მწვრთნელის ნდობა ვერ მოიპოვა, ბოლო თვეების განმავლობაში კი სათამაშო დრო საერთოდ არ ჰქონდა, ამიტომაც, იტალიელებმა ის პრაქტიკისთვის გაანათხოვრეს.
აღსანიშნავია, რომ "უდინეზეს" და "უოტფორდს" ერთი მფლობელი ჰყავს, კლუბშიც ერთი და იგივე მენეჯერები მუშაობენ, შესაბამისად, მათ შორის, ტრანსფერები ჩვეული ამბავია, გოგლიჩიძეც ამ გარიგების ერთ-ერთი ნაწილია.
საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ გასულ ზაფხულს „ემპოლიდან“ შეუერთდა. მან ფრიულელთა რიგებში 9 მატჩი ჩაატარა, 8 სერია A-ში, ერთი იტალიის თასზე, მაგრამ ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ იყო მოედანზე, რამდენიმე წუთით. 29 ოქტომბერს, „იუვენტუსთან“ ორი აკიდებული პენალტის შემდეგ საბამ „უდინეზეს“ მწვრთნელის, რუნიაიჩის ნდობა დაკარგა და სათამაშო დრო თითქმის სამი თვეა საერთოდ არ მისცემია. „უდინეზემდე“ გოგლიჩიძე „ემპოლის“ და „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან სერია A-ში 36 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ "უოტფორდში" გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკოლოზ ჩიქოვანი ირიცხებიან. ჩაკვეტაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერა, ხოლო ჩიქოვანი ჯერჯერობით, მეორე გუნდის წევრია. „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიფში 28 ტურის შემდეგ 43 ქულით მერვე ადგილზეა და პლეი-ოფის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.







