ევროპა ლიგის მერვე ტურში გრაცის „შტურმმა“ ნორვეგიული „ბრანი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 85-ე წუთზე დალაშქრა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ კიტემ 56-ე წუთზეც გაიტანა, მაგრამ საგოლე პასის ავტორი თამაშგარეში აღმოჩნდა და VAR-მა გოლი გააუქმა. შემდეგ 85-ე წუთზე ქართველის დარტმა მეკარემ მოიგერია, რამდენიმე წამში კი, კიდევ ერთხელ დაარტყა და ამჯერად ზუსტად. ორ წუთში 30 მეტრიდან გაისროლა, მეკარემ შეუშალა ხელი ლამაზი გოლის გატანასა და დუბლის შესრულებაში, ხოლო 90-ე წუთზე შეცვალეს.
კიტეიშვილმა ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„შტურმმა“ ევროპა ლიგის ფაზის ეტაპი 7 ქულით 26-ე ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში ვერ მოხვდა და ევროტურნირებს დაემშვიდობა.
დღესვე, ევროპა ლიგაზე ორი მატჩი ქართველ არბიტრთა ბრიგადამ იმსაჯა. „ბაზელი“ – „პლზენი“ (0:1) გიორგი ყრუაშვილმა განსაჯა და მას ქართველი თანამსაჯები ჰყავდა, ხოლო თელ ავივის „მაკაბი“ – „ბოლონიას“ მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იყო და მისი ასისტენტებიც ქართველები იყვნენ.







