„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს. „დორტმუნდთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა თქვა, რომ ქართველი ფეხბურთელი ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.
„ბუდუ ზივზივაძე და კრისტიან კონტე ჯერ ბოლომდე მზად არ არიან“, - თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შმიდტმა.
ცნობისთვის, ზივზივაძემ ბოლოს 22 ნოემბერს ითამაშა და უკვე ზედიზედ მერვე შეხვედრას გამოტოვებს. თავდაპირველად ტრავმა ასეთი სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ ორ თვეზე მეტია ბუდუ მოედანზე ვერ ბრუნდება.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა („აინტრახტთან“), ხოლო ორჯერ გერმანიის თასზეც ითამაშა.
„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში 19 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზეა, „დორტმუნდს“ კი პირველ თებერვალს შეხვდება.





