გრაცის „შტურმმა“ ევროპა ლიგის ბოლო ტურში ნორვეგიული „ბრანი“ ოთარ კიტეიშვილის გოლით 1:0 დაამარცხა.
„შტურმს“ ეს გამარჯვება არ ეყო, პლეი-ოფში მაინც ვერ გავიდა, მაგრამ მოგება მაინც მნიშვნელოვანი იყო. კიტეიშვილმა ორი გოლი გაიტანა, თუმცა, პირველი არ ჩაუთვალეს, რადგან მისი თანაგუნდელი, საგოლე პასის ავტორი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. სამაგიეროდ, 85-ე წუთზე კიტემ მატჩის ბედი მაინც გადაწყვიტა.
თამაშის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა, ხოლო მის მიმართ საქებარი სიტყვები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ინგოლიჩმა და ფეხბურთელებმა არ დაიშურეს.
„პირველი შემთხვევა, როცა ჩემი გოლი გაუქმდა, ძალიან განვიცადე. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, სტაბილურად ვერ ვითამაშეთ. ჩემთან ერთად გუნდი უფრო მაღალი კლასისაა? ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები“, - თქვა კიტეიშვილმა.
გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ინგოლიჩმა კიტეიშვილის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „კიტე აბსოლუტური პროფესიონალია, რომელიც ყოველდღე მაგალითია, ვარჯიშზე მაქსიმუმს აკეთებს და არასდროს ისვენებს. სწორედ ამიტომ შეუძლია ასეთი თამაშის ჩვენება“.
ოთარის მიმართ საქებარი სიტყვები თანაგუნდელებმაც არ დაიშურეს, მაგალითად, ემანულ აივუმ, რომელმაც კარგად იცის გუნდისთვის ქართველი ნახევარმცველის მნიშვნელობა: „კიტე საოცარი მოთამაშეა. ის ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, მასზე დაყრდნობა ყოველთვის შეგიძლია. შეუძლია თამაშების ბედი არსაიდან გადაწყვიტოს. ის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გასახდელში და გვიხარია, რომ ჩვენთანაა“.
„კიტე ყოველთვის იქაა, როცა გოლია საჭირო. თუმცა, ხუდიაკოვმა (შტურმის მეკარე - რედ) წარმოუდგენელი თამაში აჩვენა. ვწუხვარ კიტეს გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხუდიმ დაიმსახურა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო“, - აღნიშნა „შტურმის“ ფეხბურთელმა არიან მალიჩმა.
ოთარ კიტეიშვილმა ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„შტურმმა“ ევროპა ლიგის ფაზის ეტაპი 7 ქულით 26-ე ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში ვერ მოხვდა და ევროტურნირებს დაემშვიდობა. გრაცული გუნდი მომდევნო მატჩს პირველ თებერვალს, ავსტრიის თასის მეოთხედფინალში სტუმრად „ალტახთან“ ჩაატარებს.







