იტალიურმა Goal-მა „ფროზინონეს“ თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ პროგრესს შეეხება.
წერილში საუბარია კვერნაძის განვლილ გზას და იმას, თუ როგორ გახდა „ფროზინონეს“ ლიდერი, რომელიც სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის.
„ფეხბურთში შედარებები ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს კომფორტული ხშირად არაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტანდარტი უკიდურესად მაღალია. მაგალითად, გიორგი კვერნაძეზე, ქართველზე, რომელიც იტალიაში 2023 წლის ზაფხულში ჩავიდა. იარლიყი ძალიან მარტივი - ახალი კვარაცხელია იყო. გვარების აშკარა მსგავსების, ერთნაირი ეროვნების, იდენტური პოზიციის გამო. ახლა, ორწლიანი მომწიფების შემდეგ, კვერნაძე საბოლოოდ ბრწყინავს სერია B-ში, რაც ადასტურებს, რომ მის უფრო ცნობილ თანამემამულესთან შედარება არც ისე წარმოუდგენელი იყო.
ვინ არის გიორგი კვერნაძე? კვერნაძე დაიბადა საქართველოში, უფრო ზუსტად, სამტრედიაში, 2003 წლის 7 თებერვალს. მისი საფეხბურთო მოგზაურობა დაიწყო საბურთალოში. ბავშვობიდანვე ის მოქნილი მოთამაშე იყო. დიდი გარემარბი, რომელიც 188 სანტიმეტრის სიმაღლის მიუხედავად, ახერხებს იყოს, როგორც სწრაფი, ასევე ტექნიკური ფეხბურთელი. მოკლედ, თანამედროვე ფეხბურთელის და გარემარბის იდეალური იდენტობა.
კვარას მსგავსად „დინამო ბათუმიდან“ სერია A-ში
ის ჯერ „კოლხეთმა“ დაიმატა, შემდეგ კი იჯარით „დინამო ბათუმში“ გადავიდა, საიდანაც კვარაცხელია ერთი წლით ადრე „ნაპოლიში“ წავიდა. ევროპამ მასზე დაკვირვება დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, „ფროზინონეს“ ყოფილი სპორტული დირექტორი, გვიდო ანჯელოცი იყო კაცი, რომელმაც ცოტა რამ იცოდა ტალანტის შესახებ: სერია A-ში ახლად აღზევებულმა „ფროზინონემ“ მასში 2 მილიონი ევრო დახარჯა.
საწყისი სირთულეები
როგორც აღვნიშნეთ, იტალიაში მის ჩასვლას თან მნიშვნელოვანი შედარებები და მოლოდინებზე დაბალი ხარისხის თამაში ახლდა. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც იმ დროს მხოლოდ 20 წლის იყო, მაგრამ სერია A-ში პირველივე შეხვედრაში სირთულეებს განიცდიდა: თითქმის არ თამაშობდა და მისი გავლენა კიდევ უფრო ნაკლები იყო. სეზონის ბოლოს ფროზინონე სერია A-დან გავარდა, კვერნაძემ კი მოედანზე მხოლოდ 190 წუთი გაატარა.
განვითარება და ეროვნული ნაკრები
პირველი წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, ფროზინონე მასზე ფოკუსირებას განაგრძობდა. სერია B-ში დაბრუნების სეზონში მათ გადაწყვიტეს მისი გუნდში დატოვება. ასე რომ, ნელ-ნელა, გიორგიმ დაიწყო შრომა, გააუმჯობესა ის, რაშიც წინა წელს უჭირდა: 2024 წლის შობის დღეს, მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ფროზინონეს შემადგენლობაში და გააკეთა საგოლე გადაცემა სალერნიტანას წინააღმდეგ. სწორედ მაშინ დაიწყო მარცხენა შემტევის წინსვლა და წელს ის ნამდვილად დომინირებს სერია B-ში, ოქტომბერში კი დებიუტიც ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
სერია B-ს წამყვანი ფიგურა
2025/26 წლების სეზონის პირველ ნახევარში ის ფროზინონეს საუკეთესო მოთამაშეებს შორის იყო, ფეხბურთელი, რომელმაც გააცნობიერა, როგორ გამოეყენებინა თავისი ნიჭი. ფროზინონემ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი თამაში წააგო: ერთი ვენეციასთან, რომელშიც კვერნაძეს არ უთამაშია არ იყო და მეორე მონცასთან, ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან. კვერნაძე რეგულარულად თამაშობს სასტარტო შემადგენლობაში და ნოემბრიდან მოყოლებული სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. „ჯალობლუ“ სერია B-ს ლიდერობს და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება სურს: ოცნება - ასეთი კვერნაძით შესაძლებელია.
რა შეიცვალა
მარტივად რომ ვთქვათ, ფროზინონეში გატარებული სამი წლის განმავლობაში, გიორგიმ თავდაჯერება მოიპოვა. ის თავდაჯერება, რაც მას პირველ სეზონში აკლდა და რომელიც 2024/25 წლების სეზონში მხოლოდ პერიოდულად ჰქონდა. ახლა ქართველმა იცის, როგორ შეცვალოს სიტუაცია, რასაც მოწმობს რეჯანასთან მატჩის შთამბეჭდავი სტატისტიკა, რომელიც ფროზინონემ გასულ შაბათს მისი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო: მან ექვსი დარტყმა განახორციელა, რაც ფროზინონეს შედეგის ნახევარია იმ მატჩში. მოკლედ, ახლა კვერნაძე რისკზე მიდის მოედანზე, ცდილობს გავლენის მოხდენას და თამაშობს ისე, როგორც მოსალოდნელი იყო კონტრაქტის გაფორმების დროს.
ფროზინონესთან გარიგებამდე, მისით ნაპოლი იყო დაინტერესებული: კვარაცხელიათი მოხიბლულმა იტალიურმა კლუბმა მსგავსი ტრანსფერის გამეორება განიხილა, დაუკავშირდა დინამო ბათუმს, საიდანაც პსჟ-ს ამჟამინდელი 7 ნომერი შეიძინა. მემკვიდრეობა შეიძლებოდა ბუნებრივი ყოფილიყო, მაგრამ ანჯელოცი და ფროზინონე იმ დროს უკეთესები, უფრო თავდაჯერებულები და უფრო სწრაფები იყვნენ მისი იტალიაში ჩამოყვანისას. თუმცა, ახლა კვერნაძეზე სერია A-ს ზოგიერთი კლუბიც კი ფიქრობს, მას შემდეგ, რაც ზაფხულში წასვლის იდეაც კი განიხილეს. თუმცა, ფროზინონე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს მის გაყიდვას არ აპირებს. „ჯალობლუს“ მიზანია გიორგის ლიდერობით სერია A-ში აღზევდეს“, - წერს Goal Italia.
გიორგი კვერნაძეს მიმდინარე სეზონში სერია B-სა და იტალიის თასზე 21 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.





