სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:00 | 31.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ყველა თამაშს 3:0 ან 5:0 ვერ მოვიგებთ, ეს ნორმალური არაა, შეუძლებელია"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის მე-20 ტურში „სტრასბურთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამ შეხვედრაში ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს, რომელსაც 8-10 დღე უქმობა მოუწევს. ლუის ენრიკეს ქართველის შესახებ არ უსაუბრია, მაგრამ სხვა თემებზე ილაპარაკა:

„მაღალი დონის ტურნირებს მიჩვეულები ვართ და ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მაღალი დონეა. ეს შესანიშნავი შეჯიბრია, რომლის მოგებაც გვსურს და ვიცით, რომ რთული კალენდარი გვქონდა. კმაყოფილი ვარ იმით, რაც შევძელით. ევროპის მოქმედი ჩემპიონები ვართ, მაგრამ ყველა მატჩი რთულია.

„სტრასბური“ ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, ეს ძალიან მაღალი დონის გუნდია, ეს ყოველ ჯერზე ვნახეთ, როცა მათ წინააღმდეგ გვითამაშია. ახალგაზრდა გუნდია, დიდი ინდივიდუალური თვისებებით. მათ ცოტა ხნის წინ მწვრთნელი შეიცვალეს, ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „ლანსი“ ტიტულის პრეტენდენტია, მომწონს ზეწოლა და უნდა ვაჩვენოთ, რომ მას ვიღებთ. ხვალ რთული მატჩი იქნება, ახალგაზრდა და ხარისხიან გუნდთან. ლიგაში საუკეთესო გუნდი ვართ, მაგრამ ეს უნდა დავამტკიცოთ.

გულწრფელად რომ ვთქვა, სამართლიანი შედარებისთვის და სამართლიანობისთვის, ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე ყველა გუნდს ერთნაირი კალენდარი უნდა ჰქონდეს, ჩვენ სხვებთან შედარებით ყველაზე რთულ მეტოქეებთან თამაში მოგვიწია.

მოკლედ ვიტყვი ერთ რამეს: თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა მატჩი 3:0 ან 5:0 უნდა მოვიგოთ, როგორც გასულ სეზონში. მაგრამ ეს ნორმალური არ არის, ეს შეუძლებელია, მესმის, რომ მოლოდინები უფრო მაღალია. გვსურს ისტორიის დაწერა, მაგრამ ადვილი არ არის. ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში ძალიან მაღალი დონის მეტოქეები გვყავდა. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ყველა მატჩს 3:0-ს ვერ მოვიგებთ. შეუძლებელია, ეს უნდა გესმოდეთ”, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „სტრასბურისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი პირველ თებერვალს, 23:45 საათზე გაიმართება.

0.161397