სხვა

10:27 | 1.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა

"რესპუბლიკა ივენთჰოლში" გაიმართა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, სადაც ასამდე სპორტული ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგად 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები- პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები - ნინო სალუქვაძე და ანზორ ჩუბინიძე, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა განვლილ წარმატებულ სპორტულ წელზე, მოახლოებულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, აღნიშნა სპორტული მედიის განსაკუთრებული როლი ქართული სპორტის განვითარების საქმეში.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

„საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცი" - ხვიჩა კვარაცხელია;

„საუკეთესო სპორტსმენი ქალი" - ეთერ ლიპარტელიანი;

„საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი" - გიორგი ქალდანი;

„საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი" - ნინა თიბილაშვილი;

„საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი" - ვახტანგ ლოლუა;

„საუკეთესო გუნდი" - ძიუდოს ნაკრები;

„საუკეთესო მწვრთნელი" - ლაშა გუჯეჯიანი.

დაჯილდოებაზე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომმა 2025 წლის საუკეთესო ფედერაციად ძიუდოს ფედერაცია დაასახელა. 2025 წლის საუკეთესო პარტნიორის პრიზით კი დაჯილდოვდა საქართველოს სპორტის სამინისტრო.

ღონისძიებაზე სპეციალური პრიზით - პერსპექტივა დაჯილდოვდა საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია, რაც 2025 წელს ახალგაზრდებში მოპოვებულ გამორჩეულ წარმატებებს ემყარება. პრიზი გადაეცა საქართველოს სროლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ლეგენდარულ ტყვიის მსროლელს ნინო სალუქვაძეს.

სპორტის გაშუქების პოპულარიზაციისთვის ჯილდო გადაეცათ ტელევიზიებს: საქართველოს პირველი არხს, სეტანტას და სილქნეტს.

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ.

GEONOC.ORG.GE

0.168935