საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოცე ტურში „მეცი“ „ანჟერს“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა.
„მეცი“ მოედანზე მეცხრე წუთიდან 10 კაცით იყო და ამის ფონზეც, მეტოქეს საკმაო წინააღმდეგობა გაუწია, ბოლოსკენ გათანაბრების შანსებიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ 0:1 დამარცხდა.
შეუცვლელად ითამაშა გიორგი წიტაიშვილმა, ხოლო გიორგი აბუაშვილი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. „მეცს“ ახალმა მწვრთნელმაც ვერ უშველა და ძალიან ცუდ სერიას აგრძელებს. წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი მიითვალა, ხოლო აბუაშვილის აქტივში 13 შეხვედრაში 1 გოლია.
„მეცი“ 20 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 თებერვალს, „ლილს“ უმასპინძლებს. ლიგა 1-ის ბოლო 8 ტურში „მეცმა“ ერთადერთი ქულა მოიპოვა, არადა, ამ ცუდ სერიამდე ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა.







