ხელბურთში ევროპის ჩემპიონი დანიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში გერმანიის ნაკრებს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე აჯობა.
მხოლოდ პირველი ტაიმი იყო დაძაბული, რომელიც დანიამ 18:16 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში სკანდინავიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. საბოლოოდ, დანიამ 34:27 გაიმარჯვა და მატჩს ფინალისთვის ჩვეული და შესაფერისი დაძაბულობა არ ჰქონია.
8 გოლი გაიტანა და ფინალის ბომბარდირი გახდა დანიელი სიმონ პიტლიჩკი, ხოლო მათიას გიდსელისა და იოჰან ჰანსენის მონაგარი 7-7 გოლი იყო. გერმანიის ნაკრებში იოჰანეს გოლამ, იური კნორმა და მარკო გრგიჩმა 5-5 გოლი მიითვალეს. დანიის ნაკრებმა 2012 წლის შემდეგ პირველად მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ისტორიაში - მესამედ.
გათამაშდა ბრინჯაოს მედალიც, რომელიც ხორვატიის ნაკრებმა მოიპოვა ისლანდიასთან დაძაბულ ბრძოლაში - 34:33 გამარჯვებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2026-ზე სამივე მატჩი წააგო - ხორვატიასთან 29:32, შვედეთთან 29:38 და ნიდერლანდებთან 26:31, შედეგად, უქულოდ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ტიტე კალანდაძის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველი რაუნდიდან დაიწყებს, სადაც ორმატჩიან პლეი-ოფში ისრაელს შეხვდება.
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ (ზედიზედ) ითამაშა, ორი წლის წინ ტიტე კალანდაძის გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, როდესაც ნიდერლანდებსა და შვედეთთან დამარცხდა, ხოლო ბოსნიასთან გაიმარჯვა.







